თუშეთის 63 კილომეტრიან მონაკვეთზე ჯებირები და დამცავი კედლები მოეწყობა
თუშეთის გზაზე საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, კრიტიკულ წერტილებში ზღუდაროვანი ბაგირები, წყალგამტარი მილები და დამცავი კედლები მოეწყობა – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი წერეთელმა განაცხადა.
„ჩვენ ვაკეთებთ 63 კილომეტრიან მონაკვეთს, რომელიც ამ ეტაპზე 8 ლოტად გვაქვს გაყოფილი. აღნიშნული მოიცავს უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებებს, რაც გულისხმობს გზის გაფართოებას იქ, სადაც შესაძლებელია – ზღუდაროვანი ბაგირების მოწყობას მთელს პერიმეტრზე.
აღნიშნული პროექტი ასევე გულისხმობს შესაბამისი ჯებირების მოწყობას, იქ, სადაც გაფართოება შეუძლებელია, რათა ორმა სატრანსპორტო საშუალებამ შეძლოს ერთმანეთთან გვერდის ავლა. ასევე ხელოვნური ნაგებობების, მათ შორის წყალგამტარი მილების, დამცავი კედლების მოწყობას.
22 კილომეტრიანი მონაკვეთი იქნება ასფალტის საფარით მოწყობილი, ხოლო დანარჩენო მონაკვეთი იქნება გრუნტოვანი. აღნიშნული გზა იქნება ბევრად უსაფრთხო და დაცული. მთლიანობაში, 75 მილიონამდე ლარია გამოყოფილი აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის”, – აცხადებს გიორგი წერეთელი.
ამასთან, წერეთელი განმარტავს, თუ რატომ ვერ ხდება სრულ მონაკვეთზე გზის გაგანიერება. მისივე ცნობით, არსებულ ფერდებზე ხელოვნურმა ჩარევამ შესაძლებელია, უკუშედეგი გამოიწვიოს.
„ძალიან რომ შევეხოთ ფერდებს და გაგანიერება გავაკეთოთ, სადაც სერპანტინებია, შეიძლება, უკუშედეგი მივიღოთ. ამიტომ, ვმოქმედებთ ძალიან ფრთხილად ისე, რომ ნაკლები შემხებლობა გვქონდეს ფერდებთან.
აღნიშნული პროექტის დასრულება 2026 წელს იგეგმება. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, დაახლოებით, მხოლოდ 5 თვე გვიწევს მუშაობა. წელს ჩვენ ისე ვიმუშავეთ, რომ აქ ჩვენ რეალურად გზები დაკეტილი არ გვქონია – გარკვეული პერიოდულობით გვქონდა ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული. ვცდილობ, რომ სრულად არ მოხდეს გზის დაკეტვა იმიტომ, რომ ტურისტული სეზონია და ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად მოვერგოთ და ხელი შევუწყოთ ტურისტების შეუფერხებელ მიმოსვლას”, – აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი წერეთელი.