თბილისში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების პირველი ეროვნული ფორუმი ჩატარდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით თბილისში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ეროვნული ფორუმი პირველად გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ. და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალგაზრდების მხარდამჭერ ინიციატივებსა და ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ფორუმის მიზანს წარმოადგენდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა, ისევე როგორც, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდა ლიდერების შესაძლებლობების განვითარება, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ცენტრალური მთავრობის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, გრძელვადიანი პარტნიორობისა და ერთობლივი ინიციატივების შემუშავება.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში არსებული ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების წევრებმა. კერძოდ, მას 31 მუნიციპალიტეტიდან ჯამში 200-ზე მეტი ახალგაზრდა ესწრებოდა.
ფორუმი საქართველოში გაერო-ს მოსახლეობის ფონდთან და ა(ა)იპ ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოების ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩატარდა.