ნეთანიაჰუ: ჩვენ განვაგრძობთ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ უმოწყალო დარტყმას ლიბანის ყველა ნაწილში, მათ შორის ბეირუთში

ისრაელი ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური ტერორისტული დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმებს გააგრძელებს, მათ შორის ბეირუთში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გოლანის საწვრთნელ ბაზაზე ვიზიტისას განაცხადა, სადაც გასულ ღამეს „ჰეზბოლას“ დრონმა ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი იმსხვერპლა.

„ჩვენ ვიბრძვით მკაცრ კამპანიაში ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი სრული განადგურება სურს. ისინი ამას ვერ მიაღწევენ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. ვიხდით მტკივნეულ ფასს, მაგრამ გვაქვს უზარმაზარი მიღწევები და გავაგრძელებთ მათ მიღწევას. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, ჩვენ განვაგრძობთ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ უმოწყალოდ დარტყმას ლიბანის ყველა ნაწილში, მათ შორის ბეირუთში”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ მას შემდეგ, რაც ებრაული მედიის ცნობით, მან ვაშინგტონის ბრძანებით ისრაელის თავდაცვის ძალებს დაავალა, ლიბანის დედაქალაქზე დარტყმებისგან თავი შეეკავებინათ.

ასევე იხილეთ