ვილი სანიოლი: არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით, შანსებიც ვერ გამოვიყენეთ

ერთა ლიგაზე ალბანეთთან წაგებული მატჩი (0:1) საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე შეაფასა.

„ზოგჯერ მარცხის შემდეგ ყველაფრის უარყოფითად დანახვა გვსურს. თუმცა ჩვენ ბურთსაც ვაკონტროლებდით და მეტი საგოლე შესაძლებლობა გვქონდა. მიზეზი ალბათ ისაა, რომ საჯარიმოში არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით.

დღეს ძალიან შემტევი შემადგენლობა დავაყენეთ იქიდან გამომდინარე, რომ ვიცოდით, ალბანეთი დაცვიდან ითამაშებდა. ფეხბურთელებს ახალი ტაქტიკას ცუდად არ მიუღიათ. მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ, ამის გარეშე კი შედეგის მიღწევა შეუძლებელია. იმედია, აქედან ბევრს ვისწავლით, თუმცა ეს ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი იყო.

წინ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლია, ჩვენ კი ვითარებიდან და მეტოქიდან გამომდინარე სხვა ტაქტიკური ვარიანტი ყოველთვის უნდა გვქონდეს. შესაძლოა, ეს ან სხვა ტაქტიკა მომავალშიც გამოვცადოთ.

ვფიქრობ, მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე. ქოჩორაშვილის პოზიციაზე ჩვენ სხვა მსგავსი სტილის ფეხბურთელი არ გვყავს და ამას უნდა შევეგუოთ, ამის გამო განსხვავებულ ტაქტიკასა და ფეხბურთელებს გამოვიყენებთ.

რაც შეეხება მიქაუტაძეს, მასზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. მხარი უნდა დავუჭიროთ, მაგრამ ემჩნეოდა, რომ უთამაშებელია. იმედია, ვითარება შეიცვლება“, – განაცხადა სანიოლმა.

ასევე იხილეთ