საარჩევნო ადმინისტრაციაში საოპერაციო-სასაწყობო სივრცის და 2024 წლის არჩევნების შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

საარჩევნო ადმინისტრაციაში საოპერაციო-სასაწყობო სივრცის და 2024 წლის არჩევნების შუალედური ანგარიშის  პრეზენტაცია გაიმართა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საოპერაციო-სასაწყობო სივრცე და მიმდინარე სამუშაო პროცესი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, მედიის წარმომადგენლებს და ექსპერტებს გააცნო.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, საოპერაციო-სასაწყობო სივრცის მოწყობა 2024 წლის მოდერნიზებული არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით, არჩევნების სფეროში ტექნოლოგიური ინტერვენციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დაიგეგმა და განხორციელდა. გიორგი კალანდარიშვილმა მოწვეულ სტუმრებს დეტალურად გააცნო  ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

„საოპერაციო-სასაწყობო სივრცე და აქ არსებული ბიზნეს პროცესები ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარ მიზანს – ამომრჩევლებისთვის ხარისხიანი სერვისების შეთავაზებას და, შედეგად, არჩევნების მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ორგანიზებას.  გამომდინარე იქიდან, რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნების  ჩასატარებლად შეძენილი საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობები ეტაპობრივად შემოვიდა საქართველოში, აუცილებელი გახდა შესაბამისად აღჭურვილი სივრცის მოწყობა, რომელიც დააკმაყოფილებდა ყველა იმ სტანდარტს და პირობას, რაც აპარატების შენახვა/ექსპლუატაციისთვის არის საჭირო. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევისწავლეთ საერთაშორისო პრაქტიკა, არაერთხელ ვიყავით ამერიკის შეერთებულ შტატებში და მათი გამოცდილების გათვალისწინებით დაიგეგმა აღნიშნული პროექტის განხორციელება“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობის მომიჯნავედ თანამედროვე სტანდარტების საოპერაციო-სასაწყობო სივრცის მოწყობა 7 თვეში განხორციელდა, მთლიანი ტერიტორიის ფართობი 7118 კვ.მ-ია, შენობა ორსართულიანია და საერთო ფართი 5434 კვ.მ-ია.

შენობა ინფრასტრუქტურულად სრულად გაიმართა, დამონტაჟდა სატვირთო ლიფტები, ელექტრონული აპარატურის გასამართად საჭირო ქსელი და სამრეწველო მაგიდები, მოეწყო დაცვის სისტემები. შენობაში ასევე გამოყოფილია საოფისე, სასაწყობო, საოპერაციო/საინსტალაციო და სხვა დამხმარე სივრცეები. ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია ბიზნესპროცესზე, რაც ელექტრონული მოწყობილობებისა და საარჩევნო ინვენტარის მომზადებას, შეფუთვას და საარჩევნო კომისიებში ცენტრალიზებული წესით დისტრიბუციას მოიცავს. ელექტრონული მოწყობილობებისა და საარჩევნო ინვენტარის დასაწყობება ხორციელდება სპეციალურ სივრცეებში განთავსებულ თაროებზე, ტემპერატურული და ტენიანობის რეჟიმების დაცვით, ასევე უზრუნველყოფილია სახანძრო უსაფრთხოება და ტერიტორიის დაცვა.

 

ასევე იხილეთ