შალვა პაპუაშვილი: ქართველმა ხალხმა უნდა დაანახოს ყველას, შინ და გარეთაც, თუ რა არის მისი პოზიცია, ვინ არის მისი ხელისუფლება, რომ ვეღარავინ გაბედოს, ქართველი ხალხის ხელისუფლებას ესაუბრონ ქართველი ხალხის სახელით

x

„ბოლო პერიოდში შემოგვაპარეს ქართველი ხალხის სახელით საუბარი. ყველა, ვისაც ერთი ქართველი ნაცნობი ჰყავს და საქართველოზე რაიმე სმენია, რატომღაც ფიქრობს, ჰყოფნის კომპეტენცია და აქვს ლეგიტიმაცია, რომ ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა ელჩების კომპეტენციაზე და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „გარკვეულწილად ჩვენი პოლიტიკა ისე განვითარდა და მათ შორის, მეგობრების მონაწილეობა ჩვენს შიდა პოლიტიკაში, რომ რაღაცნაირად ყველა მივედით იმ ზღვრამდე, სადაც თავად პოლიტიკურმა სისტემამ დაუშვა ეს“.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, დისტანცია არსებობდეს ქვეყნებს შორის ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემის ფარგლებში და ის დამოკიდებულება, რომ საქართველოს პარლამენტს უცოდინარ ინსტიტუციად უყურებენ, არასწორია.

„მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს და ყველამ გარკვეული დისტანცია დაიჭიროს იმ ურთიერთობისა, რომელიც უნდა არსებობდეს ქვეყნებს შორის ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემის ფარგლებში. ასეთი დამოკიდებულება, რომ თითქოს გიყურებენ შეუმდგარ, უცოდინარ ინსტიტუციად და საქმე ეხება პარლამენტს, როცა ამაზე ვსაუბრობთ, ეს გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, არ არის სწორი და მნიშვნელოვანი არის, რომ ამ არჩევნებმა ესეც უნდა აჩვენოს. ჩვენ ბოლო პერიოდში ძალიან შემოგვაპარეს ქართველი ხალხის სახელით საუბარი. უცხოელები, რომლებსაც ზოგსაც საერთოდ ფეხი არ აქვს დადგმული საქართველოში და ყველა, ვისაც ერთი ქართველი ნაცნობი ჰყავს და საქართველოზე რაიმე სმენია, რატომღაც ფიქრობს, რომ ჰყოფნის კომპეტენცია და აქვს ლეგიტიმაცია, რომ ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით. ასე რომ, ეს არჩევნები ამიტომაც არის მნიშვნელოვანი. ქართველმა ხალხმა ამიტომაც უნდა დაანახოს ყველას, შინ და გარეთაც, თუ სად დგას ქართველი ხალხი, რა არის მისი პოზიცია, ვინ არის მისი ხელისუფლება, რომ ვეღარავინ ვეღარ გაბედოს, ქართველი ხალხის ხელისუფლებას ესაუბრონ ქართველი ხალხის სახელით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ