მეთიუ მილერი: აშშ თანამშრომლობს უკრაინასთან „გამარჯვების გეგმასა“ და სხვა საკითხებზე
“აშშ თანამშრომლობს უკრაინასთან „გამარჯვების გეგმასა“ და სხვა საკითხებზე”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
მილერს არ დაუკონკრეტებია, რა „პროდუქტიულ ნაბიჯებს“ ხედავს აშშ-ის ხელისუფლება გეგმაში, რომელიც ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს გააცნო.
ასევე, მეთიუ მილერს არ დაუზუსტებია, რომელ პუნქტებს უჭერს მხარს აშშ ამ ინიციატივაში.
„არ ვაპირებ სხვადასხვა დეტალზე საუბარს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას უკრაინის მთავრობასთან ამ გეგმაზე. დარწმუნებული ვარ, ეს იყო ბაიდენსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის დროს ერთ-ერთი თემა. ჩვენ განვაგრძობთ მათთან თანამშრომლობას ისეთ საკითხებზე, რომლებიც ჩვენი აზრით, დაეხმარება უკრაინას, გაიმარჯვოს ბრძოლის ველზე და უზრუნველყოს სამართლიანი მშვიდობა“, – აღნიშნა მილერმა.
გუშინ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „გამარჯვების გეგმის“ დეტალები უკრაინელ დეპუტატებს გააცნო. დეპუტატ ალექსეი გონჩარენკოს ინფორმაციით, გეგმა ხუთი პუნქტისგან შედგება და ფაქტობრივად წარმოადგენს „რუსეთის მშვიდობისკენ იძულების გეგმას“. გეგმის პირველი პუნქტი ნატო-ში უკრაინის დაუყოვნებლივ მიწვევას ითვალისწინებს.