მაკა ბოჭორიშვილი ბორელის განცხადებაზე: ეს არის აბსოლუტურად არანორმალური სიტუაცია, როდესაც სხვა ქვეყნების ლიდერები ამდენ კომენტარს აკეთებენ იმაზე თუ ვინ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში

x

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა.

„დღეს ჩვენ ვართ წინასაარჩევნო პირობებში. დღეს ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე თუ რას სთავაზობენ პოლიტიკური პარტიები საქართველოს მოქალაქეებს, როგორ მომდევნო 4 წელს და სინამდვილეში რა ხდება? ხდება ის, რომ ვსაუბრობთ ბორელმა როგორ დაარქვა საქართველოს ავტორიტარული ქვეყანა, როდესაც ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნა მან.

ბოჭორიშვილის თქმით, გარედან წამოსული განცხადებებისა და რეზოლუციების საფუძველზე შექმნილი დღის წესრიგი აბსოლუტურად არ არის დამახასიათებელი წინასაარჩევნო პროცესისთვის.

„შეიძლება თამამად შევაფასოთ ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობად. ქართველი ხალხი გადაწყვეტს თავად, ვის აირჩევს და ვის ჩააბარებს ქვეყნის განვითარების მომდევნო წლებს. რაც შეეხება სპეკულაციებს იმაზე თუ რას გააკეთებს ქართველი ხალხი, ჩვენ გვაქვს გამოცდილება იმისა, რა გააკეთა საქართველომ „ქართული ოცნების“ პირობებში ზუსტადაც ევროკავშირთან ურთიერთობებში – ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი. სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში დაჯდება საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების მაგიდასთან და დახურავს კიდეც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს.

ეს არის აბსოლუტურად არანორმალური სიტუაცია, როდესაც სხვა ქვეყნების ლიდერები ამდენ კომენტარს აკეთებენ იმაზე თუ ვინ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში. სულ ახლახან იყო არჩევნები ლიეტუვაში. ერთი ქართველი პოლიტიკოსის განცხადება მაჩვენეთ ლიეტუვის არჩევნებთან დაკავშირებით. ეს ჩვენ არ გვიკადრია და არ ვკადრულობთ, იმიტომ რომ ეს არის საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების დარღვევა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ დემოკრატიის ღია უკუსვლა საქართველოში სახეზეა. „არჩევნები იქნება ჭეშმარიტების მომენტი. ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ევროპისკენ სურს თუ ევროკავშირისგან დაშორება. მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენთვის და უფრო საქართველოსთვის, რადგან ქვეყნის მომავლის ბედი სასწორზეა“, – აღნიშნა მან.

ასევე იხილეთ