„ისტერიული კამპანიები მიანიშნებს ერთადერთ რამეზე, რომ ოპოზიციას არ აქვს არჩევნებში წარმატების არავითარი იმედი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი, დღეს, დაახლოებით არის 60 %.
„ყველამ იცის, როგორია რეიტინგები – „ქართული ოცნების“ რეიტინგი, დღეს, დაახლოებით არის 60% და შესაბამისია რადიკალური ოპოზიციის მწირი რეიტინგი. ასეთ პირობებში, ისინი ხავსს ეჭიდებიან და მათ გათვლა აქვთ არა არჩევნების დღეზე, არამედ არჩევნების შემდგომ სიტუაციის არევაზე, თუმცა აქაც იმდენად მწირია მათი რესურსი, რომ ბუნებრივია, წარმატებულები ვერც აქ იქნებიან. ეს არის ერთადერთი ახსნა იმ ყალბი ბრალდებებისა, რაც ისმის, როგორც რადიკალური ოპოზიციის, ისე მასთან დაკავშირებული „ენჯეოების“ მხრიდან“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, „ენჯეოების“ იმიჯი და რეპუტაცია ნულამდეა დასული, რადგან ისინი მუდმივად დგანან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გვერდით და ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას.
„2018 წელსაც იყო ყალბი ბრალდებები. „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ წარმოადგინა ყალბი ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდებოდა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს იყო ტყუილი, თუმცა მას შემდეგ 6 წელი გავიდა და დღემდე, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ბოდიშიც კი არ მოუხდია ასეთი ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის, ვინაიდან მათ ასეთი ყალბი ინფორმაცია მოგვიანებითაც ჰქონდათ გასავრცელებელი. დღესაც არიან დაკავებულები ერთადერთი რამით, ეს არის ყალბი ინფორმაციის გავრცელება. ეს არის იმ ტრადიციის გაგრძელება, რაც განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა ჩვენ „პივიტის“ გაყალბებიდან, ISFED-თან ერთად სხვა „ენჯეოებიც“ იყვნენ ჩართულნი „პივიტის“ გაყალბებაში, საბოლოო ჯამში, განცხადებას „პივიტის“ და ცესკო-ს მონაცემების აცდენასთან დაკავშირებით ხელს აწერდა ათეულობით „ენჯეო“. ამიტომ ISFED-თან ერთად პასუხისმგებლობა, თავის დროზე „პივიტის“ გაყალბებაზე ეკისრება იგივე „გამჭვირვალობას“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და ათეულობით სხვა „ენჯეოს“. ამ ტრადიციების მქონე „ენჯეობეისგან“ ახალი, ყალბი განცხადებები ჩვენ არ გვიკვირს, მთავარია, რომ საზოგადოება ხედავს ყველაფერს და სწორედ, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ამ „ენჯეოებს“ აქვთ ძალიან დაბალი რეპუტაცია, ცესკო-ზე 4-ჯერ ნაკლები რეპუტაცია რომ ექნება „ენჯეოს“, იმას ბუნებრივია, არავითარი ფასი არ აქვს და მის განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს. საზოგადოება ხედავს ყველაფერს და სწორედ, იმის გამო, რომ მუდმივად დგანან ეს „ენჯეოები“ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გვერდით და მუდმივად ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას, ნულამდეა დასული მათი იმიჯი და რეპუტაცია“, – განაცხადა პრემიერმა.