კესო მახარაძე: „მზისკარი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონებისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის და გასტრონომიული კუთხით განსაკუთრებული ხაზია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის „მზისკარის“ მნიშვნელობაზე საუბრობს პროექტის მონაწილე, „ტაბერნე გურიაში-აცანას“ დამფუძნებელი კესო მახარაძე.

„ტაბერნე გურიაში-აცანა“ საოჯახო კვების ობიექტია, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში მდებარეობს.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციას, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ვინც ჩამოაყალიბა „მზისკარი“ და შეგვარჩია ბენეფიციარები. „მზისკარი” ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონებისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის და გასტრონომიული კუთხით განსაკუთრებული ხაზია, რომელიც საქართველოს რეგიონებს გამოარჩევს, რაც აინტერესებს უცხოელ ვიზიტორებს ადგილობრივთან ერთად.  მინდა გითხრათ, რომ ტურისტული ლოკაციებისთვის  და ასეთი ტურისტული ობიექტების მფლობელებისთვის ეს პროექტი ერთგვარი ფუფუნებაა, იმიტომ ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით მივიღეთ მაღალი პროფესიონალური კონსულტაციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის“, – აცხადებს კესო მახარაძე.

„მზისკარი“ ოჯახური გასტრომასპინძლობის ქსელია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე „მზისკარის“ ქსელში 8 ობიექტია გაერთიანებული.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი, ნიშური შეთავაზების განვითარებას გასტროტურიზმის მიმართულებით და ქვეყნის მასშტაბით გააერთიანოს ისეთი მასპინძელი ოჯახები, რომლებიც სტუმრებს, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების გარდა, სთავაზობენ ავთენტურ, ოჯახურ  გარემოში, ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის ტრადიციების გაცნობას; კერძის მომზადების პროცესში მონაწილეობასა და გასტრონომიულ ინტერპრეტაციას.

 

ასევე იხილეთ