მიხეილ ყაველაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ გარე დაკვეთით მიიღო აქტი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გათავისუფლებულნი არიან ჯარისგან და ომისგან – მათ ფარი გაუკეთა უკრაინის ხელისუფლებამ და იმ გარე ძალამ, რათა ისინი ომში არ წავიდნენ, არ უნდა შეეწირონ საკუთარი სამშობლოს ღირსებას
„გული ხომ შეგტკივათ უკრაინაზე, ხომ გამოდიოდით და მოგვიწოდებდით, მოხალისეები გაუშვით, ჩვენი ბიჭები იქ იღუპებიან, საქართველოს სისხლი და ხორცი იქ იღუპება და როგორი აღტყინებული ხართ ახალგაზრდები. უკრაინის ხელისუფლებამ გარე დაკვეთით მიიღო აქტი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გათავისუფლებულნი არიან ჯარისგან და ომისგან. ამას როგორ შეაფასებთ, მაინტერესებს, რომელი ახალგაზრდა გამოხვალთ და მისცემთ ამას შეფასებას, რომ უკრაინაში ეს ჯან-ღონით სავსე ბიჭები, გაწყდა თითქმის ამდენი ახალგაზრდობა, გაწყდა და ჩვენი სისხლი და ხორცი იღუპება იქ. რამდენი ჩამოასვენეს და აი, ის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ ფარი გაუკეთა უკრაინის ხელისუფლებამ და იმ გარე ძალამ, რათა ისინი ომში არ წავიდნენ, არ უნდა შეეწირონ საკუთარი სამშობლოს, ასე ვთქვათ, ღირსებას”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, სწორედ ის ძალები [პატრონები] არიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მმართველები, რომლებიც უკრაინაშიც მოქმედებენ.
„აი, სწორედ ამაზე მაქვს საუბარი, იგივე პატრონები არიან ამ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის პატრონები, რომლებიც ახლა მოგვიწოდებენ, ბომბების წვიმა და სირცხვილი რომ უნდოდა ლომჯარიას. ასევე აქ რომ მოხდება, ისევ ანწუხელიძე შეეწირება, ისევ ის შინდისის ბიჭები შეეწირებიან, ესენი დაკრავენ ფეხს, ან აქტს მიიღებენ, ან წაიყვანენ ამერიკაში და ევროკავშირში და იქიდან დაგვიწყებენ მოძღვრას, ან აქ გააშუქებენ. აი, ასეთი დამოკიდებულებით არიან, ან გამცეს რომელიმემ პასუხი უკრაინის არასამთავრობო ორგანიზაციების ამ აქტთან დაკავშირებით, რომელს გაქვთ პასუხი, არ გრცხვენიათ?! მოგმართავთ ახალგაზრდებს, რომელთაც გააპროტესტეთ, ან უკრაინაში ვინ გააპროტესტა, იმდენად დამონებულია იქაური სიტუაცია. ამიტომაც, მივმართავ ჩვენს ახალგაზრდობას, ჯანსაღ ნაწილსაც და იმ ადამიანებსაც, რომლებიც მოტყუებულები არიან, შეხედეთ ამ ფაქტებს, ნუ გაურბიხართ, ეს ფაქტებია, რაზეც მე გესაუბრებით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.