ოპერისა და ბალეტის თეატრში ოთარ თაქთაქიშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, ოთარ თაქთაქიშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა.
კონცერტს ესწრებოდნენ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი გიორგი ვაჩნაძე, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია და სხვა სტუმრები.
ღონისძიებას მიწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრო კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი.
კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ოპერის თეატრის სოლისტებმა, გუნდმა, ორკესტრმა და ანსამბლმა „რუსთავმა“. კონცერტზე შესრულდა ფრაგმენტები ოთარ თაქთაქიშვილის სხვადასხვა ნაწარმოებიდან. ოპერის თეატრის ცისფერ დარბაზში მოეწყო გამოფენა და საზოგადოებას საშუალება მიეცა, ენახა ოთარ თაქთაქიშვილის ფოტოები, მისი სპექტაკლების აფიშები.
ოთარ თაქთაქიშვილი დაიბადა მდიდარი მუსიკალური ტრადიციების მქონე ოჯახში. ბავშვობიდანვე სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას, მღეროდა სკოლის მოსწავლეთა გუნდში. თავიდან პიანისტობა უნდოდა და ამ მიზნით შევიდა პირველ მუსიკალურ სასწავლებელში. მომავალ კომპოზიტორს დიდი სარგებლობა მოუტანა მოსწავლეთა ორკესტრის წევრობამაც.
1942 წელს ოთარ თაქთაქიშვილი შედის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კომპოზიციის ფაკულტეტზე და მეცადინეობს პროფესორ სერგო ბარხუდარიანთან. ამ პერიოდში მას შექმნილი ჰქონდა ორი სიმებიანი და ერთი საფორტეპიანო ტრიო, სავიოლინო სონატა, საფორტეპიანო პიესები. 22 წლის ახალგაზრდამ საქართველოს ჰიმნის შექმნისათვის გამართულ დახურულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა.
1951-1952 წლებში იგი აწყობს საკონცერტო ტურნეს საზღვარგარეთ, სადაც დირიჟორობს საკუთარ ნაწარმოებებს.
1961 წელს ოთარ თაქთაქიშვილს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. სულითა და ხორცით ქართველმა კომპოზიტორმა დიდი როლი შეასრულა ეროვნული ოპერის კლასიკური ტრადიციების დამკვიდრებაში. კომპოზიტორი, დირიჟორი და პედაგოგი ოთარ თაქთაქიშვილი 22 წელი სახელმწიფო სამსახურში იყო. თბილისის კონსერვატორიის სამწლიანი რექტორობის შემდეგ, 1965 წლიდან, კულტურის მინისტრი გახდა და მის სახელს უკავშირდება იმ პერიოდში მომხდარი არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. ის იყო კულტურის მინისტრი, რომელმაც საბჭოთა და საზღვარგარეთის ქვეყნების მსმენელისთვის ქართული ხელოვნების გაცნობა ყველაზე უკეთ შეძლო.