ჟან-ნოელ ბარო: საფრანგეთი ღიაა უკრაინის ნატოში მოწვევის იდეისადმი, ეს საკითხი პარტნიორებთან განიხილება

“საფრანგეთი ღიაა უკრაინის ნატოში მოწვევის იდეისადმი, ეს საკითხი პარტნიორებთან განიხილება”, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაჟან-ნოელ ბარომ კიევში უკრაინელ კოლეგა ანდრეი სიბიგასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებისთვის მოწვევას, (საფრანგეთის) რესპუბლიკის პრეზიდენტმა ამაზე გასულ კვირას პრეზიდენტ ზელენსკის პარიზში ვიზიტის დროს ისაუბრა. ღია ვართ ამისთვის და ეს არის საკითხი, რომელსაც დღეს ჩვენს ნატო-ელ პარტნიორებთან განვიხილავთ და რა თქმა უნდა, ამ საუბარში ჩვენი უკრაინელი პარტნიორები მონაწილეობენ”, – განაცხადა ბარომ.

მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას „ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამოქალაქო ასპექტებში, სამხედრო და ევროპულ კონტექსტებში”.

„ყოველ ეტაპზე ვცდილობდით უკრაინისთვის მთელი საჭირო დახმარება გაგვეწია, რათა აგრესორისთვის წინააღმდეგობის გაწევა შესძლებოდა და მომზადებულიყო მომენტისთვის, როდესაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად იმ პირობებში, რომლებსაც უკრაინა განსაზღვრავს”, – განაცხადა მინისტრმა.

ასევე იხილეთ