საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადება

“დღეს, შეჯამების სახით, გვსურს წარმოგიდგინოთ ინფორმაცია ცესკოში რეგისტრირებული იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირსა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წარმოებული საქმიანობაში იქნენ მხილებული”,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განცხადა.

“შეგახსენებთ, რომ 1 თვის უკან, 27 სექტემბერს იგივე საკითხზე ჩვენს მიერ ჩატარებული შუალედური ბრიფინგით რეგისტრირებული 49 ორგანიზაციიდან გამოვლინდა ოპოზიციასთან პირდაპირ კავშირში მყოფი 19 და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ მოქმედი 7 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.

აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, კერძოდ „სამართლისა და თანასწორობის ცენტრს“, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ახალთან“ არის აფილირებული, ჩვენს მიერ შუალედური ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, მისივე განცხადების საფუძველზე ცესკომ გაუუქმა რეგისტრაცია.

25 სექტემბრის შუალედური ანგარიშის შემდეგ, ცესკოში რეგისტრაცია დამატებით გაიარა 53-მა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ. „ქართული ოცნების“ მიერ ღია წყაროებზე დაყრდნობით ჩატარდა მონიტორინგი, პოლიტიკურ სუბიექტებთან ამ ორგანიზაციების კავშირების დასადგენად. კვლევის მეთოდოლოგიად გამოყენებულ იქნა რეგისტრირებულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა დამფუძნებლების, გამგეობისა და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლების საჯარო კავშირები პოლიტიკურ სუბიექტებთან, გამოხატული პოლიტიკური სუბიექტის წევრობით და/ან მათ სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებებითა და გაწეული შემოწირულობებით. რაც შეეხება მიკერძოებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათი იდენტიფიცირება განხორციელდა მათ მიერ საჯარო სივრცეში მმართველი გუნდის საწინააღმდეგო პროპაგანდითა და/ან მათ მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშებში მმართველი გუნდის მიერ საჯაროდ არაერთხელ გაცხადებული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მრავალი წინასაარჩევნო დარღვევის ასახვისგან თავის შეკავებით.

კვლევის შედეგად გამოვლინდა რომ ცესკოს მიერ რეგისტრირებული 102 ორგანიზაციიდან 37 ორგანიზაცია პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან, ანუ ყოველი მესამე ფაქტობრივად 36% არის პირდაპირ აფილირებული პოლიტიკურ პარტიებთან.

მონიტორინგის ფარგლებში, ასევე, დადგინდა, რომ 16 ორგანიზაცია ეწევა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო კამპანიას, რაც დასტურდება მათივე ანგარიშებით და საჯარო აქტივობებით, ანუ რეგისტრირებულთა 16%-ზე გვაქვს ჩვენ საუბარი”,– განაცხადა მიქანაძემ.

ასევე იხილეთ