ლალი მოროშკინა: სრულიად მარტო აღმოვჩნდი მოდულის შენობაში, შუქები ყველგან ჩამიქრეს, იმ საკანში გადიოდა სავენტილაციო სისტემა და 24-საათიანი ხმაური იყო. ერთი კვირა საერთოდ სინათლე არ დამინახავს, არავინ იცოდა, ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი

„მე სრულიად მარტო აღმოვჩნდი მოდულის მთელ შენობაში, არა მარტო საკანში, შუქები ყველგან ჩამიქრეს, იმ საკანში გადიოდა სავენტილაციო სისტემა და 24-საათიანი ხმაური იყო. ერთი კვირა საერთოდ სინათლე არ დამინახავს, არავინ იცოდა ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი”, – განაცხადა პოლიტოლოგმა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილმა მრჩეველმა ლალი მოროშკინამ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

„როცა დამაკავეს, პირველ რიგში, ადვოკატი არ დაუშვეს პროცესზე. მე ხელზე მქონდა ბორკილები დადებული და ვიჯექი, ვისმენდი განაჩენს. საქმე აღძრული იყო 9-დან 15-წლამდე, განზრახ მკვლელობის მუხლით და მე მაშინ შევუთვალე სააკაშვილს, რა წუთშიც ამას გააკეთებ, თავს გადავიპარსავ და ვინც კი ბიჭები შენ ქუჩაში დახვრიტე, მათი სახელების ტატუს გავიკეთებ, BBC-იც მოვა, CNN-იც და ამას გადაიღებენთქო. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სისხლის სამართალი ადმინისტრაციულად გადაკეთდა. იმის გამო, რომ არ იცოდნენ სად წავეყვანე, ნორა კვიციანის ძალიან ეშინოდათ და თქვეს, ქალთა ციხეში არ მივიყვანოთ იმიტომ, რომ იქ ბუნტი დაიწყებაო. ასე აღმოვჩნდი მოდულის შენობაში. 2011 წელი იყო ყველაზე მძიმე წელი. გაშიშვლებული, საათების განმავლობაში ვიდექი გაყინული იმიტომ, რომ ამბობდნენ სამედიცინო შემოწმება უნდა მომხდარიყო ჩემი. როდესაც შევედი, არცერთი ადამიანი არ იყო და აღმოჩნდა, რომ გორში გადაიყვანეს ყველა. მე სრულიად მარტო აღმოვჩნდი მთელ შენობაში, არა მარტო საკანში. გარდა იმისა, რომ ჩააქრეს შუქები და ე.წ. „კარმუშკა“, საიდანაც შეიძლება პატარა შუქი მაინც შემოდიოდეს, ისიც დამიხურეს. იმ საკანში გადიოდა სავენტილაციო სისტემა, 24-საათიანი ხმაური იყო. პირდაპირ ფსიქიატრიულში უნდა მომხვდარიყო ადამიანი იქიდან. არავინ იცოდა ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი და ერთი კვირა საერთოდ სინათლე არ დამინახავს. მესმის გივი სიხარულიძის ხმა და ჩავთვალე, რომ მოლანდებები დამეწყო. გივი სიხარულიძე მივიდა ახალაიასთან და უთხრა, გთხოვ, დედამისთან მიმატანინე ამბავი ცოცხალია თუ მკვდარიო. მე მახსოვს, შიმშილობისგან სისხლის დენა მქონდა დაწყებული, არ მომცეს სავლების გამოვლების საშუალება და გივი რომ მოვიდა ფაქტობრივად ჩავაკვდი ხელში. ის 15 დღე ალბათ ბევრისთვის წლებია, როცა სრულ მარტოობაში ხარ. მერე გავიგე, რომ ბავშვებიც მოდიოდნენ, ჟურნალისტებიც. დღეს რომ ვინმეს იგივე გაუკეთონ, რაც მე მაშინ გამიკეთეს, ადვოკატი არ შემოუშვან, რეალურად დღის შუქი არ დაგანახონ. ერთ დღეში მინუს 5 გამიხდა მხედველობა, ექიმთან რომ მივედი ოპერაცია დამჭირდა“,- აღნიშნა მოროშკინამ.

ასევე იხილეთ