ირაკლი კირცხალია: მოვუწოდებთ თითოეულ გულანთებულ პატრიოტს, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი გამოვცხადდეთ, რომ ამ უსამშობლოებს და ქვეყნის მოღალატეებს საბოლოოდ გავცეთ ღირსეული პასუხი

x

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია მოქალაქეებს მაქსიმალური მობილიზებისკენ და 26 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს. როგორც მან „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, 26 ოქტომბერს ხალხმა ეროვნული და ქართული აზრი უნდა დააფიქსიროს.

“თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდებთ, თითოეულ გულანთებულ პატრიოტს, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვცხადდეთ, რომ ამ უსამშობლოებს და ქვეყნის მოღალატეებს, რომლებიც ევროპულ ღირებულებებს არიან სრულიად უტიფრად ამოფარებულნი თავიანთ პატრონებთან ერთად, ერთხელ და საბოლოოდ გავცეთ ღირსეული პასუხი და ღირსეულად გავიმარჯვოთ. ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს ღირსეულად 26-ში. ასე რომ, ვთხოვ ყველას მაქსიმალურ მობილიზებას და მართლაც ქუდზე კაცი, ყველა გამოვცხადდეთ საარჩევნო ყუთებთან 26-ში ამ მართლაც, რეფერენდუმის ტოლ არჩევნებზე, დავაფიქსიროთ ჩვენი ეროვნული და ქართული აზრი”,  – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მან ასევე ოპოზიციის მიერ ევროპული ღირებულებების სახელით საუბარი შეაფასა და აღნიშნა, რომ სირცხვილია, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ევროპულ ღირებულებებს და ფასეულობებს ეფარება.

“ძალა, რომელიც, ყველას კარგად გვახსოვს, რით იყო დაკავებული ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და შემდეგ უკვე ოპოზიციის ფლანგიდან რით არის დაკავებული – პირდაპირ ქვეყნის გაყიდვით, ლიბერალური ფაშიზმის ყველა გამოვლინებით. ასეთი ადამიანები მოუწოდებენ და საუბრობენ ევროპის სახლით, მათივე კონკრეტული ლობისტური ჯგუფების დახმარებით, რაც ძალიან სამწუხაროა, ესეც არაერთხელ ვთქვით. ყველას ნიღაბი ჩამოეხსნა, განსაკუთრებით ამ წინასაარჩევნოდ. რეალურად მათაც და მათმა პატრონებმაც კარგად უნდა შეიგნონ, რომ ქვეყანაში 85% ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი საზოგადოების არის ევროინტეგრაციის მომხრე, ოღონდ მხოლოდ ღირსეულად, თავაწეული, ამაყად და ორ ფეხზე მდგომი.

სწორედ ამის გამოვლინება იყო, გუშინ რაც იხილა მთელმა მსოფლიომ, მათმა პატრონებმაც და მათაც. დამერწმუნეთ, რომ ამ 85%-დან, ყველა კვლევით 60%-იანი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“. ასე რომ, ეს კარგად შეიგნონ, შეიგრძნონ მათაც და მათმა პატრონებმაც, ეს პასუხი დაფიქსირდება 26 ოქტომბერს”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე იხილეთ