კახა კალაძე: მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ურთიერთობისთვის, კიდევ უფრო დავუკავშირდეთ ევროკავშირს, მაგრამ რასაც ვისმენთ არც დემოკრატიაა და არც ის ღირებულებებია, რაც ჩვენთვის პრინციპული და მნიშვნელოვანია

თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე გადაცემა “იმედი LIVE”-ში, დასავლელი ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა და სპეკულაციები უწოდა ნარატივს პრორუს ხელისუფლებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, თუ კი რაიმე პროგრესი აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ყველა ეს ნაბიჯი გადაიდგა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში.

“ერთი ფაქტი დადონ რა გავაკეთეთ და რა ნაბიჯი გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან მიმართებაში. ბუნებაში არ არსებობს, წარმოუდგენელია. თუ კი რაიმე წარმატებას გვაქვს მიღწეული ევროინტეგრაციის გზაზე, ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდს. 2012 წლის შემდგომ პერიოდში მივაღწიეთ ყველაფერს. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, კონსტიტუციაში ჩავწერეთ პირდაპირ ევროპული მომავალი, ნატოში გაწევრიანება. უვიზო მიმოსვლა, სავაჭრო ურთიერთობები, სტატუსი.

სტატუსზეც როგორ მოქმედებდნენ? თუ ვინმე იმსახურებდა სტატუსს (ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის) ყველა პარამეტრით ეს იყო საქართველო, ყველა პარამეტრით. ყველანაირი თვალსაზრისით წინ ვართ იმ ქვეყნებზე ისიც მაშინ მისცეს სტატუსი და ჩვენ არა. მიზანი იყო ერთი, რომ ხალხი დაეპირისპირებინათ ხელისუფლებასთან. ხომ გახსოვთ რა განცხადებებს აკეთებდნენ, რომ თქვენ მაგარი ხალხი ხართ ქართველები, იმსახურებთ ევროპულ მომავალს მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდი. მაშინ როდესაც ჩვენ, ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით ვიცავდით ჩვენს ქვეყანას. ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ინტერესს იმიტომ, რომ არ შევუერთდით სანქციებს. იმიტომ, რომ დამაზიანებელი იქნებოდა ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის და მეორე ფრონტი იქნებოდა საქართველოში. ქარცეცხლში იქნებოდა ქვეყანა გახვეული.

ეს არ გვინდა, გვინდა მშვიდობა. მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ურთიერთობისთვის, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობა უფრო დავუკავშირდეთ ევროკავშირს, მაგრამ რასაც ვისმენთ არც დემოკრატია არის, არც ის ღირებულებები არის, რაც ჩვენთვის პრინციპული და მნიშვნელოვანია”,  – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ლიბერალური ფაშიზმი გარედან ფინანსდება და მას არაფერი აკავშირებს ევროპულ ღირებულებებთან.

ასევე იხილეთ