დავით კოდუა: მადლობა გიორგი გამსახურდიას და დეგი დუდაევს, რომ აქ, ჩემს გვერდით, ზუგდიდში, არიან და ქართული ინტერესების დასაცავად დგანან

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატის დავით კოდუას მხარდასაჭერად, ზუგდიდში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია და ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ვაჟი დეგი დუდაევი იმყოფებიან.

დავით კოდუას თქმით, თავისუფლებისთვის მებრძოლი ორი დიდი კავკასიელის შვილების გვერდით დგომა უდიდესი პასუხისმგებლობაა.

მმართველი პარტიის დელეგატობის კანდიდატი გიორგი გამსახურდიასა და დეგი დუდაევს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და მათთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

„თავისუფლებისთვის მებრძოლი ორი დიდი კავკასიელის, მეოცე საუკუნის უდიდესი გმირების ზვიად გამსახურდიას და ჯოხარ დუდაევის შვილების ჩემს გვერდით დგომა არის უდიდესი პასუხისმგებლობა. საქართველოს და ჩეჩნეთის პირველ პრეზიდენტებს, ამ  ისტორიულ პირებს კავკასიელი ხალხების და საქართველოს უდიდესი სიყვარული აერთიანებდათ. ჩვენც ეს უპირველესი გრძნობა გვამოძრავებს, მადლობა გიორგი გამსახურდიას  და დეგი დუდაევს, რომ აქ, ჩემს გვერდით, ზუგდიდში არიან და ქართული ინტერესების დასაცავად დგანან – მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გასავლელ ევროპულ გზაზე.

ჩვენ ერთობით გავიმარჯვებთ!“ –  წერს კოდუა.

https://www.facebook.com/photo?fbid=122119625948481190&set=a.122103439472481190

 

 

ასევე იხილეთ