სოზარ სუბარი: სალომე ზურაბიშვილი არის გაშიფრული აგენტი და ყველაფერს აკეთებს ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ

პარლამენტის წევრი, დეპუტატი სოზარ სუბარი არჩევნების შემდეგ რადიკალური ოპოზიციის, სალომე ზურაბიშვილის და მათი უცხოელი პატრონების გეგმებს ეხმიანება.

„აგენტურას და ქვეყნის მოღალატეებს პარლამენტში არაფერი ესაქმებათ და თუკი ისინი გაიმეორებენ 2020 წლის არჩევნების შემდგომ ხრიკებს, ამით დასრულდება მათი პოლიტიკური დემარშები“, – აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ 2020 წლის მოვლენების განმეორების შემთხვევაში, თუ ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის, საკანონმდებლო ორგანო მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ რადიკალებს გათვლა არჩევნების შემდეგ არეულობასა და რევოლუციაზე აქვთ, თუმცა ქართული სახელმწიფო ახლა გაცილებით ძლიერია, ვიდრე თუნდაც რამდენიმე წლის წინ და სამართალდამცავი ორგანოები, ყველა მსგავს მცდელობაზე კანონის სრული სიმკაცრით მოახდენენ რეაგირებას.

დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივ გეგმებსა და ქმედებებზეც ისაუბრა. სოზარ სუბარის თქმით, არჩევნების მოგების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ და „ხალხის ძალას“ პარლამენტში ხმების იმაზე მეტი რაოდენობა ექნება, ვიდრე პრეზიდენტის იმპიჩმენტს სჭირდება.

მისი განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი სიმბოლურია და კონსტიტუციის დამრღვევმა პრეზიდენტმა თანამდებობა სამარცხვინოდ, ვადაზე ადრე უნდა დატოვოს, რადგან ის აღარ წარმოადგენს ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოს.

„თუკი განმეორდება 2020 წლის სცენარი, როდესაც ოპოზიციამ უარი თქვა პარლამენტში შემოსვლაზე, მაშინდელისგან განსხვავებით, დღეს ქართული სახელმწიფო ბევრად მტკიცედ არის ჩამოყალიბებული და შესაბამისად, ოპოზიციის მხრიდან, პარლამენტში შემოსვლაზე უარის თქმის პირველივე მცდელობაზე, ჩვენ დავაკმაყოფილებთ მათ მოთხოვნას. აგენტურას და ქვეყნის მოღალატეებს პარლამენტში არაფერი ესაქმებათ და ამით დასრულდება მათი პოლიტიკური დემარშები. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ისინი არ ატარებდნენ საარჩევნო კამპანიას, პრაქტიკულად არაფერს აკეთებდნენ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებზე „არა ომს“ წარწერების წაშლის გარდა (ამით გამოავლინეს, რომ ომის მომხრეები არიან). მათ გათვლა აქვთ არა ხმების მოპოვებაზე, არამედ შემდგომ არეულობაზე, სიტუაციის არევაზე, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაზე. მათ ამის არანაირი შანსი არ აქვთ. დღეს საქართველოს სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე, სამართალდამცავი ორგანოები აკონტროლებენ ყველა მსგავს მცდელობას და აღკვეთენ კანონის სრული სიმკაცრით. შემთხვევითი არ იყო, რომ საქართველოში შემოიპარა ხეჩუაშვილი. კაცი, რომელმაც გივი თარგამაძე ააფეთქა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ასეთი მცდელობებიც იქნება, მაგრამ ვერცერთი მსგავსი მცდელობა შედეგს ვერ გამოიღებს. ძალიან სამწუხაროა, როცა ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი მხარს უჭერს ტერორისტებს. ხეჩუაშვილი არის ტერორისტი, მისნაირების მხარდაჭერა კი – ტერორისტების მხარდაჭერაა. ტერორისტების მხარდამჭერთა სიაში ჩაეწერა სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც არის გაშიფრული უცხოელი აგენტი და ყველაფერს აკეთებს ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანი, რომელიც უნდა იყოს კონსტიტუციის გარანტი, არის კონსტიტუციის დამრღვევი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეუნარჩუნა მას მანდატი, მაგრამ, როგორც კი გავიმარჯვებთ არჩევნებში, მას მოუწევს სამარცხვინოდ დატოვოს საკუთარი პოსტი, თუნდაც 1 თვით, ან 1 დღით ადრე. ის ვერ მიიყვანს თავის საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე. ჩვენ ნამდვილად გვექნება იმაზე მეტი ხმა პარლამენტში, ვიდრე მისი იმპიჩმენტი საჭიროებს. ეს უნდა იყოს სიმბოლური აქტი. როცა პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, მან სამარცხვინოდ უნდა დატოვოს თავისი პოსტი იმიტომ, რომ ის დღეს არ წარმოადგენს საკუთარ ხალხს და სახელმწიფოს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე იხილეთ