პრემიერი ოპოზიციაზე: არცერთი მათგანი საპარლამენტო მუშაობისთვის საინტერესო არ არის, მათი გადასაწყვეტია შემოვლენ თუ არა, ჩვენ ამით ვერ დავინტერესდებით, ამაზე დროს ვერ დავხარჯავთ

“პარლამენტისთვის მაინც და მაინც ღირებული არცერთი მათი (ოპოზიციის) პარტია და წარმომადგენელი არ იქნება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რითაც უპასუხა კითხვას – „გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოვა და როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ გაგრძელდება საპარლამენტოს საქმიანობა?“.

მისი თქმით, პარლამენტი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ლეგიტიმური და საინტერესო არ არის, ოპოზიცია რას გადაწყვეტს ამ მიმართულებით.

„თქვენ იცით, რა პარტიებზეა საუბარი და იცით, რა სახეები ჰყავთ პარტიებში. საუბარია, როგორც „ნაცმოძრაობაზე“, ისე მეორე, მესამე და მეოთხე „ნაცმოძრაობაზე“. არც თავისი პარტიული შინაარსით და არც ადამიანური რესურსით, არცერთი მათგანი საპარლამენტო მუშაობისთვის საინტერესო არ არის. შესაბამისად, მათი გადასაწყვეტია შემოვლენ თუ არა. ჩვენ ამით ვერ დავინტერესდებით, ამაზე დროს ვერ დავხარჯავთ. ასეც და ისეც პარლამენტი იქნება ლეგიტიმური. ერთ მდინარეში მეორედ ვერ შეხვალ, შესაბამისად ისინი ვერ შეძლებენ იგივე პროცესების გამეორებას რაც მათ განახორციელებს 4 წლის წინ და რითაც ისინი ცდილობდნენ რომ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები დაეზიანებინათ. დანარჩენი მათი გადასაწყვეტია“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ასევე იხილეთ