„მოხარულები ვართ, რომ ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა მმართველ გუნდს, ძალიან ძლიერი მხარდაჭერა მივიღეთ ამ არჩევნებზე ხალხისგან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა 890 000-ზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მოვლენების მიმართ.
„გვაქვს მთავრობის პირველი სხდომა არჩევნების შემდეგ და სამუშაო რეჟიმზე გადასვლამდე, მინდა, შევაჯამო განვლილი პროცესი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოხარულები ვართ, რომ ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა მმართველ გუნდს, ეს არის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ არჩევნებზე ქართველი ხალხისგან. ეს არის ნდობა მმართველი გუნდის მიმართ და ნდობა, რომელიც გამოუცხადეს საქართველოს მთავრობას და სამთავრობო პროგრამას. ეს ნდობა არის უპრეცედენტო, რაც გამოიხატება ხმების რაოდენობით და არჩევნებზე დაფიქსირებული აქტივობით. ჩვენი მოწოდება იყო საზოგადოების მიმართ, რომ ქუდზე კაცი უნდა გამოსულიყო და, რეალურად, ეს ასეც მოხდა. პრაქტიკულად, უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირდა ამ არჩევნებზე, გამოვიდა ჩვენი უამრავი თანამოქალაქე საქართველოს ეროვნული ინტერესების, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების, მშვიდობის დასაცავად და ქვეყნის შეუფერხებელი განვითარების უზრუნველსაყოფად. ამისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ თანამოქალაქეს, რომელიც მოქმედებდა ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით. გარკვეულ დეტალებზე მინდა, ყურადღება გავამახვილო, რაც დაკავშირებულია არჩევნების შედეგებთან, მმართველმა გუნდმა 890 000-ზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მოვლენების მიმართ, მმართველი გუნდის მიმართ და ცალკე აღებული ოპოზიციის მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.