„დღეს საქართველოს მთავრობა პირველად შეიკრიბა არჩევნების ჩატარების შემდეგ, ჩვენ პირველი დღიდან შევუდექით სამუშაო პროცესს. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მთავრობა შეიკრიბა საარჩევნო პროგრამის გარშემო. ჩვენი საარჩევნო პროგრამა ახლა უკვე უნდა გადაითარგმნოს სამთავრობო პროგრამაში, რომელიც წარდგება საქართველოს პარლამენტში, რომელსაც საბოლოოდ საქართველოს პარლამენტი დაუჭერს მხარს და დავიწყებთ ამ პროგრამის განხორციელებას“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ლევან დავითაშვილის თქმით, აქედან გამომდინარე, მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში აპირებს იმ პრიორიტეტებზე მუშაობას, რომელზეც საარჩევნო კამპანიის განმავლობაში საუბრობდა. ამასთან, მისი ინფორმაციით, მთავრობის სხდომაზე დღეს საუბარი წარიმართა ძირითადი სტრატეგიულ პროექტების გარშემო – მათ სტატუსსა და მიმდინარეობაზე.
„ასევე მივიღეთ კონკრეტული დავალებები პრემიერ-მინისტრის მხრიდან, კონკრეტული მსხვილი პროექტების განხორციელების სტატუსზე, მათ შორის მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე, რომლებიც ასევე ასახული იყო ჩვენს საარჩევნო პროგრამაში“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქმედო გეგმას, მინისტრის ინფორმაციით, ის ორი ძირითადი მიმართულებისგან შედგება – მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმები და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებზეც ქვეყანა იღებს პასუხისმგებლობას. ლევან დავითაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ის ამოცანებია, რომელთა შესრულებაც სხვადასხვა უწყებების კოორდინირებული მუშაობით მიიღწევა.
„ამიტომ სამინისტრო იმუშავებს მნიშვნელოვან რეფორმებზე, ჩვენი ანალიტიკა იმუშავებს იმაზე, რომ კონკრეტული რეკომენდაციები, კონკრეტული გეგმები და პროგრამები და პროექტები წარვუდგინოთ მთავრობას და კოორდინირებული მუშაობით მივაღწიოთ ზუსტად ამ მნიშვნელოვან სამიზნე მაჩვენებლებს. ეს უკავშირდება ეკონომიკურ ზრდას, სიღარიბის დაძლევას, მათ შორის უმუშევრობის საკითხების დაძლევას, დასაქმებას და ბევრ სხვა მიმართულებას“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც ლევან დავითაშვილმა გააკეთა აქცენტი, ის სტრატეგიული, მსხვილი პროექტებია, რომლებზეც მისი უწყება მუშაობს, კერძოდ – საგზაო, ლოგისტიკური, სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის თბილისის ახალი აეროპორტი, ქუთაისის აეროპორტის მოდერნიზაცია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, პორტების გაფართოება და ა.შ. პირველი ვიცე-პრემიერი კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ენერგეტიკას ასახელებს, რომელსაც საარჩევნო პროგრამაში ასევე დიდი ნაწილი ეთმობოდა.
„ძალიან ამბიციური გეგმა დავსახეთ 2030 წლისთვის – ჩვენ ვიყოთ ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა, არამხოლოდ თვითუზრუნველყოფა შევძლოთ, არამედ გამოვიყენოთ და ავითვისოთ ის შესაძლებლობები, რომელიც ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად იქნება. ჩვენ ვსაუბრობთ არსებული გადამცემი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაზრდაზე მეზობელ ქვეყნებთან და ასევე პირდაპირ დაკავშირებადობაზე ევროპასთან. ასევეა ტელეკომუნიკაციები და კიდევ სხვა მიმართულებები, რომლებზეც სამინისტრო აქტიურად იმუშავებს როგორც დარგობრივად, ისე მაკროეკონომიკურ ჭრილში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.