მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ რომ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, ამას დარდობენ და აპროტესტებენ, ამაზე შფოთავენ!

„ორი დღის თავგანწირული ძებნის შემდეგ ახალი მავნებლობა გამოაგდეს სოცქსელებში: საქსტატის მონაცემებით კონკრეტულ დასახლებებში უფრო ნაკლები ხალხი ცხოვრობს, ვიდრე ხმების რაოდენობააო“, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მდინარაძე წერს, წინასწარ განწირულ აქციებს ერთი ძალიან კარგი მხარე ექნება, ვეღარ იტყვიან, „ნაცების“ აქციაზე არ მივალთო.

„უმდაბიოესი და უმარტივესი ფეიკი და მანიპულაციაა, რადგან საქსტატი ითვლის ადგილზე ფაქტობრივად მცხოვრებ და არა იქ რეგისტრირებულ, სხვაგან მცხოვრებ მოქალაქეებს ან ემიგრანტებს!

და „ევროპული საცობები“ რომ იყო ქალაქის გასასვლელში, ზოგი ფეიკფოტოებზე აღბეჭდილი და ზოგიც ნამდვილი, მანდ რა ხდებოდა?

თუ სანამ თავისი ხალხი ეგონათ, მხოლოდ მანამდე იყო მაღალი აქტივობა და ჩაწერის ადგილებზე დაბრუნებული ხალხი კარგი?

და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია: ეს ადამიანები, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რატომ წვალობენ ამდენს? ერთადერთი მიზეზით, – „ნაცმოძრაობა“ რომ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში! ამას დარდობენ და აპროტესტებენ, ამაზე შფოთავენ!

წინასწარ განწირულ აქციებს კი ერთი ძალიან კარგი მხარე ექნება: თუ აქციებში მონაწილეები სხვა დროს ამბობდნენ, რომ ნაცების აქციებზე კი არ დადიოდნენ, არამედ ხან „რუსულ კანონს“, ხან „ჩელიაბინსკში გაღვიძების საშიშროებას“ აპროტესტებდნენ და ხან „პუტინს ებრძოდნენ“ შუა რუსთაველზე, ახლა ვეღარ იტყვიან, ნაცების აქციაზე რა მიმიყვანსო… “ – წერს მდინარაძე.

 

ასევე იხილეთ