გიორგი მამარდაშვილი: „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე ყოფნა ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო
პარიზში, „შატლეს“ თეატრში, „ფრანს ფუტბოლის“ ორგანიზებით „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მეუღლესთან, ელენე ეპიტაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
მამარდაშვილი ლევ იაშინის სახელობის წლის საუკეთესო მეკარის ჯილდოზე იყო წარდგენილი. იგი პირველი ქართველი მეკარეა, რომელიც ამ ჯილდოზე წარადგინეს.
საუკეთესო მეკარის ნომინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ იყვნენ დიოგუ კოშტა, ჯანლუიჯი დონარუმა, გრეგორ კობელი, ანდრეი ლუნინი, მაიკ მენიო, ემილიანო მარტინესი, უნაი სიმონი, იან ზომერი და რონუენ უილიამსი. გამარჯვებულად ზედიზედ მეორედ ემელიანო მარტინესი დასახელდა.
„ამ დაჯილდოებაზე ყოფნა, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო. მიხარია აქ მოხვედრა, რადგან მოვიაზრები ერთ-ერთ ნომინანტად, ეს უკვე დიდი წარმატებაა. მე ვაგრძელებ შრომას და იმედი მაქვს, აქ არაერთხელ ვიქნები. მადლობა გულშემატკივრებს, თანაგუნდელებს და მთელ სამწვრთნელო შტაბს“, – განაცხადა მამარდაშვილმა, რომლის კომენტარს „ეროვნული ნაკრები“ ავრცელებს.