შალვა პაპუაშვილი: მთავარი, რაც ეუთო/ოდირის მხრიდან ითქვა, ეს არის ის, რომ არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება
“მთავარი, რაც ეუთო/ოდირის მხრიდან ითქვა, ეს არის ის, რომ არჩევნები შედგა, საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. და ამ ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ის გზა, რაც საზოგადოებას დაჰპირდა”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
„ეს არის ერთადერთი დასკვნა, რომელიც რელევანტურია. სხვა დანარჩენი, რაც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გვესმის, ეს არის პოლიტიკური განცხადებები“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამ არჩევნებში არა მხოლოდ ქართული რადიკალური ოპოზიცია, არამედ მათი უცხოური მფარველებიც დამარცხდნენ.
„მათ იმედი ჰქონდათ, რომ „ნაცები“ გაიმარჯვებდნენ, მოვიდოდა „ნაციონალური მოძრაობის“ კლანი და სააკაშვილს გაათავისუფლებდა. დამარცხდნენ ეს უცხოელები და ამაზე ახლა გაბრაზებულები არიან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს პირველადი მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა, 53,931 პროცენტი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე ადგილზე კი 11.035% პროცენტით გავიდა კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა. საარჩევნო ბარიერი ასევე „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „გახარია საქართველოსთვის“.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში ჩატარებული არჩევნები უკვე აღიარა. ამ თემაზე კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა პასკალ ალიზარდმა ისაუბრა.
„მინდა გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტიანად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანს იმ მიზნებთან, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას“, – განაცხადა მან.