არჩილ გორდულაძე: ფაქტია, რომ ISFED-ს ძალიან უჭირს იმ ბულინგის გაძლება, რომელიც მასზე ხორციელდება
“ფაქტია, რომ ISFED-ს ძალიან უჭირს იმ ბულინგის გაძლება, რომელიც მასზე ხორციელდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ 2 დღის წინაც გამოაქვეყნებდა თავის წინასწარ შედეგებს”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.
მისი შეფასებით, შედეგის გამოქვეყნების შემთხვევაში ოპოზიციის ნარატივი ჩამოიშლება.
“მარტივია თუ რატომ ხდება ეს ბულინგი. იმ შემთხვევაში თუ ISFED-ი გამოაქვეყნებს თავისი პარალელური დათვლის შედეგებს, დადასტურდება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ასახული ხმები, „ქართული ოცნების“ პროცენტები თუ ოპოზიციური პარტიების პროცენტები, სრულად შეესაბამება ISFED-ის დათვლილს და ტყუილში იქნება მხილებული Edison Research-ი კიდევ ერთხელ. ეს ყველაფერი არ უნდათ. ჩამოეშლებათ მთელი ის ნარატივი და კამპანია, რომელიც ჩვენი დელეგიტიმაციის მცდელობისკენ აქვთ მიმართული”, – აცხადებს გორდულაძე.