„საქსტატი“: საქართველოში, 8 566.1 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 8 841 ნებართვაა გაცემული, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.2%-ით მეტია
საქართველოში 2024 წლის იანვარ- სექტემბერში 8 841 ნებართვაა გაცემული (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.2 პროცენტით მეტი) 8 566.1 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34.6 პროცენტით მეტი). ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ოფიციალურად დეკლარირებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნებართვების 73.8 პროცენტი ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.4 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.1 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.2 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8.1 პროცენტი – კახეთის რეგიონზე.
„აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
2024 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 319.7 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.7 პროცენტით მეტი) 2 597 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.2 პროცენტით მეტი).
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 37.2 პროცენტი მოდის თბილისზე, 13.4 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 13.1 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8.0 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.