კახა კალაძე: 2020 წლის არჩევნებთან შედარებით, წელს თბილისში მმართველ პარტიას 45 113-ით მეტმა ამომრჩეველმა გამოუცხადა მხარდაჭერა

„ეს ერთიანობა, რაც 2012 წლის შემდეგ პირველად ვიხილეთ, არის გარანტი იმისა, რომ წარმატებით დავძლევთ ყველა გამოწვევას, გაგრძელდება ეკონომიკური განვითარება, წინსვლა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არჩევანი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე გააკეთა.

„მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივულოცო საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულება, რომელმაც ჩაიარა მშვიდ, სტაბილურ და დემოკრატიულ გარემოში. ჩვენ მოვისმინეთ ეუთო/ოდირ-ის შეფასება, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, მრავალპარტიული, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია ეწარმოებინა. ჩვენი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, მილიონ 120 ათასმა ამომრჩეველმა, არჩევანი გააკეთა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე, მშვიდობასა და წინსვლაზე და ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“.

მინდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნისა და ასევე, იმ პოლიტიკური გუნდის მიმართ, რომელიც იცავდა და კვლავაც დაიცავს, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესებს. ეს შემართება, ერთიანობა, რაც აღნიშნულ არჩევნებზე ჩანდა, 2012 წლის შემდეგ პირველად ვიხილეთ. მთელი საარჩევნო კამპანიის დროს, ხალხის მხრიდან ვგრძნობდით ამ თანადგომას. ეს ყველაფერი არის გარანტი იმისა, რომ წარმატებით დავძლევთ ყველა გამოწვევას, გაგრძელდება ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, გადაიდგმება ნაბიჯები ქვეყნის გაერთიანებისკენ და შესრულდება ყველა ვალდებულება ევროინტეგრაციის გზაზე.

რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას და მათ უსუსურ მცდელობას, ათასგვარი მანიპულაციით, საზოგადოების დეზინფორმირებით, ტყუილებით შექმნან საპროტესტო მუხტი, რასაკვირველია, იგი განწირულია მარცხისთვის. ეს დღეებია ვხედავთ მხოლოდ უსუსურ ბრალდებებს ყოველგვარი ფაქტების გარეშე. მთელ ძალისხმევას ხარჯავენ ე.წ. ფეიკ ნიუსების შექმნაში, საზოგადოების დეზინფორმირებაში, ნაცვლად იმისა, რომ გააანალიზონ საკუთარი შეცდომები. არანაირი არგუმენტი არ არის წარმოდგენილი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. გუშინდელ დღემდე ყველაზე ძლიერი არგუმენტი იყო ის, რომ ერთ-ერთ უბანზე ორმა დამკვირვებელმა ერთმანეთი გადაკოცნაო, თუმცა, გუშინ კიდევ ერთი ახალი არგუმენტი წარმოადგინეს, რომელიც ეხება ერთ-ერთ „მილიონერ ქალბატონს“, რომელიც მათი თქმით, ბეჭდებით იჯდა სარჩევნო უბანზე და თავისი ღიმილით ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებდა. ეს არის მათთვის ყველაზე ძლიერი არგუმენტი. დანარჩენს ალბათ „თენგო გვეტყვის“.

ეს ის პოლიტიკური პარტიებია, რომელთაც საარჩევნო კამპანიაც კი არ უწარმოებიათ, რადგან არ ჩათვალეს საჭიროდ ამომრჩეველთან საუბარი. რა ნამუსით უნდა მისულიყო ხალხთან გვარამია, მელია, ხაზარაძე, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საზოგადოებას თავი ბოროტებით და სიბინძურით დაამახსოვრეს? მთელი ამ ხნის განმავლობაში აწარმოებდნენ სამარცხვინო კამპანიას საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, აბულინგებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, მონებად აცხადებდნენ ყველას, ვინც მათგან განსხვავებულ მოსაზრებას აფიქსირებდა. არ დატოვეს არცერთი სფერო – სპორტი, ხელოვნება, ბიზნესი, ყველას აყენებდნენ შეურაცხყოფას. მიმდინარეობდა მიზანმიმართული ბულინგი, სოციალურ მედიაში ზიზღის კამპანია და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს საზოგადოებამ შესაბამისი პასუხი გასცა არჩევნების შედგით.

ეს ადამიანები თავის ე.წ. ფეისბუქ ბაბლში არიან ჩაკეტილები და საერთოდ არ აინტერესებთ ირგვლივ რა ხდება. არანაირი წვდომა არ აქვთ იმ რეალურ მდგომარეობაზე, რაც ხდება. ასევე, თავისი კამპანიით, ტყუილებით აჯერებდნენ თავის ამომრჩეველს, რომ იგებდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აქვე ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ მარცხი ყველას და ყველაფერს დააბრალეს, საკუთარი თავის გარდა.

„2012 წლიდან მოყოლებული, თქვენ მიერ ჩატარებული ყველა გამოკითხვა, ეგზიტპოლი რეალობას აცდენილია. სწორედ ამ მოცემულობით გქონდათ მცდელობა, რომ საკუთარი ამომრჩეველი მოგეტყუებინათ, გეწარმოებინათ ისეთი კამპანია, სადაც ამომრჩეველს აჯერებდით, რომ ვითომ იგებდით. ყველას და ყველაფერს დააბრალეთ არჩევნებში მარცხი, საკუთარ თავის გარდა. არავის უსაუბრია პრობლემებზე და მარცხის რეალურ მიზეზებზე. თქვენ საკუთარ ამომრჩეველს აგინეთ, შეურაცხყოფა მიაყენეთ. ამბობდით, ახალგაზრდა თაობამ წაგვაგებინა არჩევნებიო, ე.წ. ჯენზის აგინეთ. მსგავსი დამოკიდებულება წარმოუდგენელია. ამიტომ ხართ ამ მდგომარეობაში, რომელშიც ხართ. საქართველოში ბოროტება, სიყალბე, სიბინძურე ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის.

ჩვენი მშვიდობისმოყვარე, თავისუფალი, სამართლიანი ხალხი არ დაუშვებს იმას, რომ ქვეყნის მართვა მიანდოს ყველანაირ სიბინძურეზე წამსვლელ ადამიანებს. რა ქვეყანა უნდა განდოთ თქვენ? ზამთარში შეიძლება თოვლის გუნდა არ განდოთ, არათუ ქვეყნის მართვა. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ ბოროტებითა და სიბინძურით, რასაც კადრულობდით ხელისუფლებაში და ოპოზიციაში ყოფნის დროს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ საუბრის დასასრულს თბილისელ ამომრჩეველს მიმართა და მათ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბოლოს, როგორც თბილისის მერმა, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, თბილისელებს იმ ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რაც საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა. თბილისის ყველა რაიონში, ყველა უბანზე „ქართულმა ოცნებამ“, სხვა პარტიებთან შედარებით, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. საზოგადოებას ატყუებენ, რომ თბილისი წააგო „ქართულმა ოცნებამო“. არადა  263 128 თბილისელმა გამოუცხადა ნდობა „ქართულ ოცნებას“.  აქვე შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 218 015 თბილისელმა დაუჭირა მხარი მმართველ პარტიას, ანუ წელს 45 113-ით მეტმა ამომრჩეველმა გამოგვიცხადა მხარდაჭერა.

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გპირდებით, რომ გავუფრთხილდებით თქვენს ნდობას, კიდევ უფრო მეტი ენერგიით, მეტი ძალისხმევით გავაგრძელებთ ამ ქალაქისა და ქვეყნის შენებას. ვერანაირი ბოროტი ძალა და რადიკალიზმი ვერ შეაჩერებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, წინსვლას და აღმშენებლობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

ასევე იხილეთ