„არჩევნები იყო სრულიად სამართლიანი, თავისუფალი, კონკურენტული, სუფთა და აქედან გამომდინარე, არავითარი პრობლემა პროცესების ღიაობასთან დაკავშირებით არ არსებობს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა ღიაობისთვის მადლობა გადაუხადა ცესკო-ს და აღნიშნა, რომ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არც ცესკო-ს და არც არავის დასამალი არაფერი აქვს.
„არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად სუფთად, დემოკრატიულად, სამართლიანად ჩვენს ქვეყანაში და ამის გამოხატულებაა ეს ღიაობაც, რომელიც დაფიქსირდა ცესკო-ს მხრიდან. ასევე მადლობა პროკურატურას, რომელმაც მყისიერი რეაგირება მოახდინა ცესკო-ს მიმართვაზე. აბსოლუტურად ყველაფერი იქნება ღია, ყველას შეუძლია, ჩაიხედოს ყველაფერში. არჩევნები იყო სრულიად სამართლიანი, თავისუფალი, კონკურენტული, სუფთა და აქედან გამომდინარე, არავითარი პრობლემა პროცესების ღიაობასთან დაკავშირებით არ არსებობს. ყველას შეუძლია, გადაამოწმოს ყველაფერი. ჩვენ შეგვიძლია, გავითვალისწინოთ დასავლელი პოლიტიკოსების მოწოდებები, მათ შორის იყო ბორელის მოწოდება გამოძიებასთან დაკავშირებით, რომ შესაბამის უწყებებს გამოეძიებინათ ყველა შესაბამისი სამართალდარღვევა და ამ კუთხითაც ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა კიდევ ერთხელ ცესკო-ს და პროკურატურას ამ ყველაფრის გათვალისწინებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.