ირაკლი კობახიძე: ბულინგი არის რადიკალური ოპოზიციის მთავარი ხელწერა, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ საქართველოში სიძულვილის დათესვისგან და სიძულვილის დათესვის გარე დაფინანსებისგან

„ბულინგი რადიკალური ოპოზიციისგან არავის უკვირს, ეს არის მათი ერთ-ერთი მთავარი იარაღი და მთავარი ხელწერა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს ათწუთიანი ვიდეო, სადაც ის აღწერს მოვლენებს სლოვაკეთში. მარტივად შეგიძლიათ, შეცვალოთ ერთი სიტყვა, სლოვაკეთი ჩაანაცვლოთ საქართველოთი და ზუსტად იგივე ხდება ჩვენს ქვეყანაში. აქედან ჩანს, რომ ბულინგი და ლიბერალური ფაშიზმი არის მთლიანად კოორდინირებული და გარედან თავსმოხვეული. ჩვენი საზოგადოება არ არის მიდრეკილი სიძულვილისკენ. ეს არ არის ჩვენი საზოგადოების თვისება, ეს არ არის ქართული საზოგადოების ხელწერა. სიძულვილი, რაც ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში, აბსოლუტურად ხელოვნურია და მთლიანად გარედან არის თავსმოხვეული. მინდა, ყველას მოვუწოდო, თავი შეიკავონ საქართველოში სიძულვილის დათესვისგან, ქართველებს შორის სიძულვილის დათესვისგან და მით უმეტეს, თავი შეიკავონ სიძულვილის დათესვის გარე დაფინანსებისგან. ეს დაფინანსება მინიმუმ უნდა იყოს გამჭვირვალე და ამას ეხება კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“. სიძულვილის დაფინანსება და ჩვენს ქვეყანაში სიძულვილის ხელოვნურად დათესვა აბსოლუტურად მიუღებელია. მათ შორის, რაც ხდება ემიგრანტების წინააღმდეგ, როცა მიმდინარეობს სიძულვილის და ბულინგის კამპანია, ეს მით უმეტეს კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, საზოგადოებამ თავის პოზიცია უნდა გამოხატოს ასეთი აქტების მიმართ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ასევე იხილეთ