ირაკლი კობახიძე: 2012 წლამდე ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებდა მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი, 2012 წლის შემდეგ საქართველოში 111 ახალი იუსტიციის სახლი გაიხსნა, თერჯოლის ფილიალი იმერეთის მხარეში არის 26-ე

2012 წლამდე ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებდა მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი. 2012 წლის შემდეგ საქართველოში 111 ახალი იუსტიციის სახლი გაიხსნა. თერჯოლის ფილიალი იმერეთის მხარეში არის 26-ე და ქვეყნის მასშტაბით უკვე არის 123-ე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თერჯოლის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თერჯოლის იუსტიციის სახლი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით.

„მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, თერჯოლის იუსტიციის სახლის გახსნა. პირველ რიგში მივულოცავ თერჯოლელებს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე. 500-ზე მეტ სახელმწიფო მომსახურებას თერჯოლელები მიიღებენ ამ არაჩვეულებრივ, უმაღლესი სტანდარტების შენობაში. იუსტიციის სახლი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, თანამედროვე გარემოში არის უზრუნველყოფილი შესაბამისი სერვისები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის არის ადაპტირებული იუსტიციის სახლის ახალი შენობა.

მინდა, შეგახსენოთ, თუ რამდენად გაიზარდა ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპები გასული 12 წლის განმავლობაში. 2012 წლამდე ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებდა მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი. 2012 წლის შემდეგ საქართველოში 111 ახალი იუსტიციის სახლი გაიხსნა. თერჯოლის ფილიალი იმერეთის მხარეში არის 26-ე და ქვეყნის მასშტაბით უკვე არის 123-ე იუსტიციის სახლი. ასევე აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ფუნქციონირებს 6 იუსტიციის სახლი. ასევე, იუსტიციის სამინისტრო სთავაზობს სერვისებს მობილური იუსტიციის სახლის პროექტის მეშვეობით, სადაც უზრუნველყოფილია მაღალმთიან, მოშორებულ დასახლებებში შესაბამისი მომსახურების მიწოდება. ასევე არსებობს გეგმები, მომავალი წლის ბოლომდე დაგეგმილია დამატებით 10 იუსტიციის სახლის გახსნა და ამით მთელი ქვეყანა იქნება დაფარული იუსტიციის სახლის მომსახურებით, მათ შორის, რამდენიმე იუსტიციის სახლი გაიხსნება იმერეთში და ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მთელი ქვეყანა არ იქნება დაფარული და უზრუნველყოფილი შესაბამისი მომსახურებით.

მინდა, მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს, რომლის სახელსაც უკავშირდება ეს მნიშვნელოვანი წარმატება, ინფრასტრუქტურის მშენებლობის გაზრდილი ტემპები, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე იხილეთ