გიორგი ვოლსკი: ტექნიკურად ვერანაირი შეღწევადობა ვერ დადასტურდა ელექტრონული არჩევნების სისტემაში, ეს არის მიზეზი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი და სხვები არ მიდიან საგამოძიებო სტრუქტურებთან და არ ესაუბრებიან კონკრეტულ ფაქტებზე
სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციონერი ლიდერების გამოძიებისთვის ნათქვამი უარი, მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ არცერთ მათგანს კონკრეტული მტკიცებულებები არ აქვს. ამ თემაზე კომენტარი პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.
„სალომე ზურაბიშვილი არათუ უნდა მიდიოდეს საგამოძიებო სტრუქტურებში და აძლევდეს შესაბამის მასალასა და ინფორმაციას, რაც ხელთ აქვს, არამედ უნდა მოუწოდებდეს ყველა შესაბამის სტრუქტურას, მათ შორის დაზვერვის სამსახურს, უსაფრთხოების სამსახურს, პროკურატურას, რომ სასწრაფოდ, გადაუდებლად დაიწყოს ამ თემაზე გამოძიება. მაგრამ ვინაიდან რევიზია ჩატარებულია, აუდიტი ჩატარებულია, ტექნიკურად ვერანაირი შეღწევადობა ვერ დადასტურდა ელექტრონული არჩევნების სისტემაში, რასაკვირველია, ეს არის მიზეზი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი და სხვები არ მიდიან საგამოძიებო სტრუქტურებთან და არ ესაუბრებიან კონკრეტულ ფაქტებზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.