მაია ომიაძე: მომავალ წელს ჩვენ ინდოეთისა და ჩინეთის ბაზარზე მარკეტინგული კამპანიებით შევდივართ, მთლიანობაში ეს ქმნის მოლოდინს, რომ ინდოეთიდან და ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა გაიზრდოს

“ინდოეთთან საერთაშორისო ფრენები აქტიურად მიმდინარეობს და ასევე, დამატებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთა, რათა ახალი ფრენების შესაძლებლობები იყოს. მთლიანობაში ეს ქმნის მოლოდინს, რომ ინდოეთიდან და ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა გაიზრდოს”, – განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას.

მან აღნიშნა, რომ ტურისტების მოზიდვის მიზნით, მათ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ჩინეთი და ინდოეთიც დაემატება. მისივე თქმით, ჩინელი და ინდოელი ტურისტები მთელს მსოფლიოში სასურველ ტურისტებად ითვლებიან და ერთგვარი კონკურენციაა სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან მათ მოსაზიდად.

„მათ ხანგრძლივი მოგზაურობა ახასიათებთ და ბევრ ფულს ხარჯავენ მოგზაურობაში. ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, რომ საქართველოში ჩამოვიყვანოთ არა მხოლოდ ბევრი ტურისტი, არამედ ბევრი მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტი.

წინა წელთან შედარებით წლევანდელი სტატისტიკა რომ ნახოთ, გაიზარდა ღამით დარჩენების ოდენობა და ასევე – დღეზე ფულის ხარჯვის პროცენტი. ანუ, მეტ ფულს ხარჯავენ. ეს ყველაფერი ერთობლიობაში არის სწორედ ჩვენი სტრატეგიის ნაწილი.

მომავალ წელს ჩვენ ინდოეთისა და ჩინეთის ბაზარზე მარკეტინგული კამპანიებით შევდივართ. წელსაც გვქონდა გარკვეული რამდენიმე პროექტი, მათ შორის ჩინური მედია-საშუალებები იყვნენ ჩამოსული, ინდოეთთან რამდენიმე აქტიური სტატია გვქონდა, მედია-ტურები და მომავალი წლიდან უფრო აქტიური კამპანიები გვექნება“, – აღნიშნა ომიაძემ.

ასევე იხილეთ