დიმიტრი ხუნდაძე: საზოგადოებამ და ხელისუფლებამ გარე ჩარევებს გაუძლო, მაგრამ ეს აისახა შედეგზე, ვფიქრობ, “ქართული ოცნების” მხარდაჭერა უფრო მეტი იქნებოდა
“საზოგადოებამ და ხელისუფლებამ გარე ჩარევებს გაუძლო, მაგრამ ეს აისახა შედეგზე. ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა უფრო მეტი იქნებოდა, მაგრამ გარედან ზეწოლა, რყევის მცდელობა, არჩევნებში ჩარევა და შეშფოთებული განცხადებები იყო დღეში რამდენჯერმე”, – განაცხადა „ქრონიკასთან“ უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.
დეპუტატმა, არჩევნების შემდეგ, უცხოური აქტორების მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ განცხადებების ნაწილში უკან დასახევი გზა შეინიშნება.
„თითქმის ყველა განცხადებაში შეინიშნება უკან დასახევი გზა და ეს სწორი პოლიტიკური ნაბიჯია, მაგრამ ის, რომ დღეს ერთმნიშვნელოვნად არ ხდება ყველას მხრიდან აღიარება, ეს არის მათი მხრიდან დაკვირვების პერიოდის, თუ როგორ ფორმირდება ქუჩა მთავარ პოლიტიკურ მოედანზე. ვფიქრობ, რომ როგორც არჩევნებში გაუძლო გარედან ჩარევებს საზოგადოებამ, ასევ გაუძლებს, რომ ქუჩა ქვეყნის საწინააღმდეგოდ არ იქნება ფორმირებული“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს პირველადი მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა, 53 პროცენტი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე ადგილზე კი 11 პროცენტით გავიდა „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“. საარჩევნო ბარიერი ასევე გადალახეს პოლიტიკურმა სუბიექტებმა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „გახარია საქართველოსთვის“.