ჩეხეთის პრეზიდენტმა ქვეყნის 60 მოქალაქეს უფლება მისცა, შეუერთდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს
ჩეხეთის პრეზიდენტმა ქვეყნის 60 მოქალაქეს უფლება მისცა, შეუერთდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ამის შესახებ პრეზიდენტის, პეტრ პაველის წარმომადგენელმა, ფილიპ პლატოშმა განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად ჩეხეთის უკვე 60 მოქალაქეს აქვს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებისთვის პრაღისგან ოფიციალური ნებართვა.
პლატოშმა აღნიშნა, რომ ამჟამად პეტრ პაველმა თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან შეთანხმებით დაამტკიცა ჩეხეთის 60 მოქალაქის განაცხადი, რომლებიც ითხოვდნენ „უკრაინის დაცვის უფლებას უკრაინის შეიარაღებულ ძალებში“. მისი თქმით, სულ 181 ასეთი მოთხოვნაა შესული.
ცნობისთვის, ჩეხეთის მოქალაქეებს ეკრძალებათ უცხო ქვეყნის ჯარში ჩეხეთის პრეზიდენტის ნებართვის გარეშე გაწევრიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებათ.
ოფიციალურად ცნობილია ოთხი ჩეხის შესახებ, რომლებიც უკრაინაში მოხალისეებად იბრძოდნენ და დაიღუპნენ. მათ შორისაა კარელ კუჩერა, რომელიც ჩეხეთის დამოუკიდებლობის დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა „გმირობისთვის“ მედლით დააჯილდოვა.