გიორგი კალანდარიშვილი: დღეს აქტიურად მიმდინარეობს ფარულობის საკითხზე საუბარი. იყო იზოლირებული შემთხვევები, სადაც მარკირების კვალი უკანა მხარეზე გამოდიოდა, მაგრამ ეს აპრიორი არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ფარულობა დაირღვა

„შეიქმნა ისეთი მოცემულობა, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, დღეს ხდება ძიება იმის, თუ რატომ გაყალბდა და მიდის მტკიცებულებათა ძიება. ყოველდღიურად ხორციელდება ახალი საკითხების გამოკვეთა და ამ საკითხებზე მტკიცებით ფორმაში საუბარი იმის თაობაზე, რომ აი, ზუსტად ეს არის ის მიგნება, რომელიც ამ დასკვნას უდევს საფუძვლად”, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

„იმისთვის, რომ დავიცვათ საარჩევნო გარემო, პატივი ვცეთ ამომრჩეველს, რომ იყოს ობიექტურად სწორი გადამოწმებული ინფორმაციით ინფორმირებული, ჩვენ ამის თაობაზე არც ერთი გავრცელებული განცხადება არ დაგვიტოვებია უყურადღებოდ, პასუხგაუცემელი.

დღეს აქტიურად მიმდინარეობს ფარულობის საკითხზე საუბარი. ჩვენ ყველას გვინახავს ვიდეოები, იყო იზოლირებული შემთხვევები, სადაც მარკირების კვალი უკანა მხარეზე გამოდიოდა, მაგრამ ეს აპრიორი არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ფარულობა დაირღვა. სხვათა შორის, „საიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე იკითხება, რომ ისინიც ვერ და არ ადასტურებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ამით თითქოს ვინმეს არჩევანი იქნა იდენტიფიცირებული.

ეუთო/ოდირის, აიერაის, ენდიაის, იფიდის, ენემოს, მათ შორის ადგილობრივი ორგანიზაციების წინასწარ შეფასებებსა თუ განცხადებებში, ჩვენ ცალსახად ვკითხულობთ დადებით გამოხმაურებას კენჭისყრის დღის პროფესიულად და ტექნიკურად გამართულობის შესახებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პასაჟი აღნიშნულ ანგარიშებში, რომელიც ფაქტობრივად დადებითად აფასებს მთელი კენჭისყრის დღის ადმინისტრირებას, რომ არაფერი ვთქვათ იმ წუხილებზე, რომელიც ასევე გვხვდება დოკუმენტში, თუმცა არა ისეთი, რომელსაც შეეძლო რაიმენაირი გავლენა მოეხდინა ამ პროცესთან მიმართებაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროცესში ჩვენ მარტო არ ვართ, აქ არის მთელი რიგი საერთაშორისო კომპონენტი, დაწყებული შესაბამისობის აუდიტიდან, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ გააკეთა და ორიდან ის ერთ-ერთი გახლავთ, რომელსაც გააჩნია შესაბამისი აკრედიტაცია ამერიკული ინსტიტუტების მიერ და თავად გასცემს ლიცენზიებს ვენდორი კომპანიებისთვის, რომელსაც აქვთ სურვილი, რომ ამერიკულ ბაზარზე თავიანთი ტექნოლოგიური საშუალებები გამოიყენონ. ასეთ სოლიდურ კომპანიასა და მის დასკვნაზეა საუბარი, რომელმაც დაადასტურა, რომ ყველა ის პროცედურა, რის დარღვევაშიც ბრალს გვდებს ოპოზიცია, შეუძლებელია, რომ შეიცვალოს და რაიმე მანიპულაცია განხორციელდეს“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

ასევე იხილეთ