მაია ბითაძე: არჩევნები ჩატარდა ისე, როგორც არ ელოდა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და დაიწყო შემდგომ ის, რაც დაიწყო

„არჩევნები ჩატარდა ისე, როგორც არ ელოდა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და დაიწყო შემდგომ ის, რაც დაიწყო”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებზე საუბრისას.

მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ არჩევნებამდე აკეთებდა განცხადებებს, რომ ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის ემზადებოდა.

„მაკკეინის ინსტიტუტის“ წინასწარ ანგარიშშიც ვნახეთ, რომ იყო დაწერილი გარკვეული სცენარი, რომელიც არ დაწერილა ერთი თვის წინ, ეს არის სცენარი, რომელიც რამდენიმე წელია, ნელ-ნელა იპარება საქართველოში და პიკი მიმდინარე წელს იყო. ეს იყო წინასწარ გაწერილი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ოპოზიცია ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის და ასე შემდეგ.

რეალურად ჩვენ რა ვნახეთ – არჩევნები ჩატარდა ძალიან მშვიდ გარემოში, უპრეცედენტო აქტივობით, არჩევნები შვიდად მიმდინარეობდა გარდა რამდენიმე შემთხვევისა. ჩვენ ვხედავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში რა ხდება, იწვის საარჩევნო ყუთები.

არჩევნები ჩატარდა ისე, როგორც არ ელოდა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და დაიწყო შემდგომ ის, რაც დაიწყო. წინასწარ შემზადებული, პირადობებთან დაკავშირებით ეს აბსოლუტურად ცრუ და დაუსაბუთებელი ინფორმაცია. მათ შორის, სახალხო დამცველიც ითხოვდა, მანახეთ ერთი ადამიანი, ვის ჩამოართვეს პირადობაო.

შემდგომ გადავიდნენ რაღაც კამერების განლაგებაზე, ფარულობის დარღვევაზე. რეალურად ის რიცხვები, რომლებიც სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებშია ნათქვამი, მათ შორის ფარულობის დარღვევა თუ ყალბი ბიულეტენების ჩაყრა, იყო სულ რაღაც ათეულობით შემთხვევა. ბიულეტენების ჩაყრასთან დაკავშირებით იცით, რომ ორი შემთხვევა იყო, ფარულობის დარღვევის 16 შემთხვევა“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მან ოპოზიციის ნარატივს ყალბი და საფუძველმოკლებული უწოდა.

„მათ ფაქტობრივად საერთაშორისო დონიდანაც მოუწოდებენ, მათ შორის სალომე ზურაბიშვილს, რომ თუ ხელთ აქვს რაიმე ინფორმაცია, უნდა მიაწოდოს გამოძიებას. ისინი არ ენდობიან გამოძიებას, არ ენდობიან საარჩევნო სისტემას, სადაც 25 000 დამკვირვებელი, 3 000 უცხოელი დამკვირვებელი მონაწილეობდა. არც ეუთო/ოდირს ენდობიან, არც ნატოს, არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. გახსოვთ, ქართული „ენჯეოების“, რიგითი მოქალაქეების რა რაოდენობით დაკვირვება იყო ამ არჩევნებზე. არჩევნების დღეს აღმოვაჩინეთ ის თითო-ოროლა გადაცდომა, რაც დაფიქსირდა ეუთო-ოდირის და „ისფედის“ ანგარიშებში.

საბოლოო ჯამში ვერაფერი ხელმოსაჭიდი რომ ვერ აღმოაჩინეს, მიადგნენ იმ ტექნიკურ მოწყობილობებს, რომლის იდეალურობაზე თითოეული მათგანი გვესაუბრებოდა იმისთვის, რომ დაერწმუნებინათ საკუთარი ამომრჩეველი, რომ მისულიყვნენ და ხმა მიეცათ. დღეს გვეუბნებიან, რომ თურმე რაღაც დუბლირებას აკეთებს ეს აპარატი და პერსონალური ინფორმაციის წაშლას აქვს ადგილი“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

ასევე იხილეთ