ზედიზედ მე-6 მოგება – ბასილაშვილი იაპონური ჩელენჯერის მერვედფინალშია

32 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აზიურ ტურნირებზე წარმატებულ თამაშს განაგრძობს.

გასულ კვირას ნიკამ სეულის ჩელენჯერზე 5 წრე გაიარა და ტურნირის ჩემპიონი გახდა, დღეს დილით კი, იაპონიის ქალაქ მაცუიამაში დაწყებულ ჩელენჯერში (საპრიზო ფონდი 82 ათასი დოლარი) ჩაება და იქაც გამარჯვება იზეიმა.

წესით, ბასილაშვილის პირველი მეტოქე მე-2 ნომრად განთესილი იტალიელი მატია ბელუჩი უნდა ყოფილიყო, თუმცა, მან ტრავმა მიიღო და კორტზე გასვლის უფლება “იღბლიან წაგებულ” ფილიპ სეკულიჩს (ავსტრალია) ერგო.

ბასილაშვილმა მასთან სამსეტიანი დაპირისპირება (თამაში საათსა და 51 წუთს გაგრძელდა) გადაიტანა და 6:3, 4:6, 6:3 იმარჯვა. ქართველმა ჩოგბურთელმა 8 ეისი მოაწოდა და ამდენივე ორმაგი შეცდომა ჰქონდა, 8-დან 5 ბრეიკ პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 3-ჯერ წააგო.

უკვე ცნობილია, რომ მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე იაპონელი შინტარო მოჩიზუკი იქნება, რომელმაც სასტარტო შეხვედრაში ნიდერლანდელ გაი დენ ოუდენს სძლია – 7:5, 7:6 (7:3).

მაცუიამას ჩელენჯერის გამარჯვებული საპრიზო ფონდიდან 11 200 დოლარს მიიღებს და 75 სარეიტინგო ქულაც ერგება.
ბასილაშვილს ATP-ს ლაივ-რეიტინგში 269 ქულით 213-ე ადგილი უკავია, ზედიზედ მე-2 ტურნირის მოგების შემთხვევაში კი, ადგილს მოწინავე 180 ჩოგბურთელს შორის დაიკავებს.

ასევე იხილეთ