გიორგი ქვილითაია 4-დან 6 კვირამდე გამოტოვებს

კვიპროსის ლიგის მე-9 ტურის მატჩში გიორგი ქვილითაიას არისი ლარნაკის აეკ-ს ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ქართველი ფორვარდი ამ შეხვედრის მე-8 წუთზე გამოცვალეს, მიზეზი ტრავმაა.

kerkida.net-ის ინფორმაციით, არისს შეტევაში პრობლემები ელის, რადგან კონტუზიის გამო, გიორგი ქვილითაიამ შესაძლოა, რამდენიმე მატჩი გამოტოვოს. ფორვარდის ზუსტ დაზინებას MRI გაარკვევდა.

არისის ბელარუსი მწვრთნელის, ალექსეი შპილევსკის ინფორმაციით, გიორგი ქვილითაია რამდენიმე კვირას გამოტოვებს. gazzetta.cy აზუსტებს: გიორგი 4-6 კვირას ვერ ითამაშებს. ეს სამწუხარო ინფორმაცია MRI-ის ჩატარების შემდეგ გახდა ცნობილი.

ასე რომ, იმ შემთხვევაში, თუ ვილი სანიოლი ქვილითაიას გამოძახებას აპირებდა (ოქტომბრის პაუზაზე არ გამოუძახებია), ფრანგი სპეციალისტი ამას ვერ მოახერხებს, რადგან ფორვარდი ნოემბერში ფეხბურთს ვერ ითამაშებს.

გიორგი ქვილითაიამ არისის რიგებში ჩემპიონატის 9 მატჩში 5 გოლი გაიტანა (ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჩამორჩება), ნაკრებში მან ბოლოს ევრო 2024-ზე, ჩეხეთთან 1:1 დასრულებულ შეხვედრაში ითამაშა. არისი 9 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-2 ადგილზეა და მხოლოდ პაფოსს ჩამორჩება. ეს გუნდის პირველი წაგება იყო, 9 ნოემბერს არისი ანორთოსისს მასპინძლობს.

31 წლის გიორგი ქვილითაიას ეროვნულ გუნდში 38 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.

ასევე იხილეთ