მაქს ჰოლოუეი: წაგება წაგებად მხოლოდ მაშინ რჩება, როდესაც მისგან არაფერს სწავლობ. მე კი ბევრი რამ ვისწავლე

მაქს ჰოლოუეიმ საკუთარ YouTube არხზე ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც, ილია თოფურიასთან მარცხის შემდეგ პირველად, ბრძოლაზე და მომავალზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, ქვემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი და BMF ქამრის მოქმედი მფლობელი თოფურიას 26 ოქტომბერს აბუ-დაბიში დაუპირისპირდა. კარგი მომზადების და შთამბეჭდავი გამოსვლის მიუხედავად, ჰავაიელმა ქართველი ჩემპიონის ძალას ვერ გაუძლო და მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

ამ ბრძოლამდეც არსებობდა ბევრი სპეკულაცია იმაზე, თუ როგორ აისახება წონის კლება ჰოლოუეის პერფორმანსზე – მებრძოლმა ბოლო მატჩი მსუბუქ წონაში, ანუ 70 კილოში, ჩაატარა, სადაც BMF ქამარს დაეუფლა. შესაბამისად, “დალოცვილის” 65 კილოში დაბრუნებამ უამრავი კითხვა გამოიწვია… რაზეც თავად ჰოლოუეიმ მკაფიო პასუხი გასცა:

“[მარცხის შემდეგ] ბევრი ადამიანი თავის მართლებას იწყებს. ამას აბრალებენ, იმას აბრალებენ… მე ასეთი ადამიანი არ ვარ. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, რაც ჩემს კონტროლში იყო. ეს არასაკმარისი აღმოჩნდა, მაგრამ წაგება წაგებად მხოლოდ მაშინ რჩება, როდესაც მისგან არაფერს სწავლობ. მე კი ბევრი რამ ვისწავლე.”

ჰოლოუეის თქმით, ის ბრძოლამდე და ბრძოლაშიც თავს მშვენივრად გრძნობდა. მისი აზრით, “ჯოჯოხეთიდან შემოფრენილ მარცხენა ჰუკამდე” მატჩში ბევრი წარმატებული მომენტი ჰქონდა, მაგრამ თოფურია უკეთესი მებრძოლი აღმოჩნდა. თუმცა, ვეტერანი კარიერის დასრულებას სულაც არ აპირებს და მომავალს იმედიანად უყურებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჰავაიელის კარიერაში ეს პირველი მარცხი არ ყოფილა, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, როდესაც მებრძოლი დივიზიონიდან არ წასულა, ამჯერად ჰოლოუეი უფრო რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს:

“ყველაზე დიდი კითხვა ახლა არის, იყო თუ არა ეს ჩემი ბოლო ბრძოლა ქვემსუბუქ წონაში. ასე თუ ისე, ამ საკითხს პრესკონფერენციაზეც შევეხე და შემიძლია, გულწრფელად ვთქვა, რომ 145 ფუნტში ასპარეზობა დავასრულე. ასაკი მემატება. 33 [ბრძოლა] ჩავატარე… ეს წონის კლება მარტივი იყო, მაგრამ თავისი ეფექტი მაინც აქვს, რა წონაც არ უნდა იყო. როგორც ვთქვი, რამენზე უარის თქმა მომიწია და მომავალში ამის გაკეთება აღარ მინდა. 155-ში ამოვდივარ და იქ დავრჩები. რა თქმა უნდა, არასდროს თქვა “არასდროს”, მაგრამ 145-ში ალბათ აღარასდროს დავბრუნდები.

მომწონს ის, რასაც [იმ წონაში] მივაღწიე. რისი გაკეთებაც საჭირო იყო, ვქენი – ვიმუშავე და საჩემპიონო ბრძოლა რამდენიმეჯერ თავიდან დავიმსახურე. ჩემპიონი ვიყავი, იმ წონაში ქამარიც დავიცავი, ახლა კი დროა, ახალ თავზე გადავიდეთ და 155 ფუნტში უამრავი სახალისო ბრძოლაა, რომელსაც სულმოუთქმელად ველოდები. ცოტას დავისვენებ, ცოლს მოგზაურობას შევპირდი. ამიტომ ჯერ ამას ვიზამ, ხოლო შემდეგ დავბრუნდები 155 ფუნტში და იქვე დავრჩები.”

ასევე იხილეთ