იაკობ ნეესტრუპი: გიორგი გოჩოლეიშვილი ძალიან კარგი ფეხბურთელია

დანიის სუპერლიგაში კოპენჰაგენის მცველმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა სილკებორგის წინააღმდეგ საგოლე პასი მიითვალა და კარგად ითამაშა, გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა.

ქართველი მცველის ცხოვრებაში ახლა რთული პერიოდია, რადგან შვილი საავადმყოფოში ჰყავს ჯანმრთელობის პრობლემების გამო, შესაბამისად, ფეხბურთზე კონცენტრირება ძალიან რთულია. მას კოპენჰაგენის გულშემატკივრებმა სტადიონზე ბანერიც გამოუფინეს და გაამხნევეს: “გიორგი გამაგრდი, ყველაფერი კარგად იქნება”.

სილკებორგთან მატჩის შემდეგ კი, დანიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა იაკობ ნეესტრუპმა გოჩოლეიშვილზე ილაპარაკა:

“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ გოჩოლეიშვილის და მისი ოჯახის დასახმარებლად, რადგან ახლა რთული პერიოდი აქვთ. გიორგი ძალიან კარგი და შესანიშნავი ფეხბურთელია. საერთოდ ვერ ვხვდები მის მიმართ კრიტიკას, მას უკვე აქვს 2 საგოლე გადაცემა, მათ შორის, ბრონდბიუს წინააღმდეგ, რაც მნიშვნელოვანია. გიორგი ძალიან კარგი ფეხბურთელია”, – აღნიშნა ნეესტრუპმა.

ქართველი მცველის შესახებ კოპენჰაგენის და დანიის ნაკრების გამოცდილმა ნახევარმცველმა თომას დილეინიმაც ისაუბრა, რომელმაც გიორგი გაამხნევა და შეაქო:

“მისთვის რთული პერიოდია და ძნელია ბავშვის ავადმყოფობასთან შეგუება. ვიცი, რომ მას დამატებით თავისუფალი დრო აქვს კლუბის მხრიდან მიცემული, რაც საშუალებას აძლევს მეტი დრო გაატაროს ოჯახთან, ჩვენი ვალი კი, მის გვერდით ყოფნაა. ის მგრძნობიარე ბიჭია. მსგავსი რამ არ გამომიცდია, მაგრამ ვფიქრობ, ფეხბურთი შეიძლება საუკეთესო ადგილი იყოს ყურადღების გადასატანად. ვცდილობთ, მას თავი ბედნიერად ვაგრძნობინოთ და თამაშის დროს ისიც ბედნიერია. აქ საუკეთესო ექიმები გვყავს, ასე რომ, იმედია, ყველაფერი კონტროლის ქვეშ იქნება. ის იშვიათი მარჯვენა მცველია, ძალიან თამამად თამაშობს. შეიძლება რაღაც წვრილმან დეტალებზე სამუშაო და სასწავლი აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ მისი სახით ძალიან მაგარი ფეხბურთელი გვყავს”, – თქვა დილეინიმ.

ასევე იხილეთ