ირაკლი ზარქუა ახალგაზრდებს: შეეშვით, მეგობრებო, დაუბრუნდით სასწავლებლებს, თქვენს საქმიანობას, უსამშობლოები მშვენივრად შემოვლენ რამდენიმე თვეში პარლამენტში
„მინდა, ახალგაზრდებს მივმართო, შეეშვით, მეგობრებო, დაუბრუნდით სასწავლებლებს, თქვენს საქმიანობას. ესენი ისევ შემოვლენ პარლამენტში, დასკუპდებიან და შემდეგ დაიწყებენ ხელფასი ჩაგვერიცხოსო და იმ მანქანებზეც დასხდებიან, რომელიც არ უნდოდათ. ეს კინო ნანახი გვაქვს ყველას, 2020-ში რომ ამბობდნენ, ვინც პარლამენტში შევა, პუფი იქნებაო და კი დასხდნენ პუფები“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია რამდენიმე თვეში მშვენივრად შევა პარლამენტში.
„2020 წელს არანაკლებ იყო მონდომება პატრონებისგან, რომ აქ რევოლუცია განეხორციელებინათ, მაშინაც ვერ შეძლეს იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ დადგა ქაოსის და რევოლუციის მხარეს. ახლაც იგივე სიტუაცია იყო. იგივე პატრონები, იგივე მცდელობა, რომ აქ აგენტურა დასვან ხელისუფლებაში. უბრალოდ ქართველი ხალხი არის ბრძენი. ერი, ბერი გავერთიანდით და უარი ვუთხარით ომს, უარი ვუთხარით ლგბტ პროპაგანდას, უარი ვუთხარით ამ აგენტურის ხელისუფლებაში დასმას. მცდელობა ახლაც და მაშინაც ერთი და იგივე იყო.
ტოპ ტვინები ამბობენ, რომ დასავლეთმა არ აღიარაო არჩევნები. ევროკავშირის ქვეყნები გვაღიარებენ, ჩინეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი გვაღიარებს. 21 ნოემბრის შემდეგ აღიარებებიც იქნება დასავლეთიდან და არა მხოლოდ მათგან და ამის შემდეგ ეს რადიკალები და უსამშობლოები მშვენივრად შემოვლენ რამდენიმე თვეში პარლამენტში“, – აცხადებს ზარქუა.