თავდაცვის ძალებში NATO-ს სახმელეთო ძალების დელეგაციას უმასპინძლეს

საქართველოში სამუშაო ვიზიტით NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM) დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის ხელმძღვანელს, NATO-ს სახმელეთო ძალების შტაბის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ მუსტაფა ოღუზის საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უმასპინძლა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა NATO-ელ გენერალს საქართველოს თავდაცვის ძალებსა და NATO-ს სახმელეთო სარდლობას (LANDCOM) შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის ძალების მეთაურმა LANDCOM-თან წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა, NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარების პროცესში მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. გენერლებმა იმედი გამოთქვეს, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახმელეთო ძალების წარმომადგენლების გაფართოებული შეხვედრაც გაიმართა.

ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში NATO-ს სახმელეთო ძალების შტაბის უფროსმა და დელეგაციის წარმომადგენლებმა კრწანისში მდებარე NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრი მოინახულეს და ხელმძღვანელი პირებისგან სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

 

ასევე იხილეთ