გიორგი ვოლსკი: იმედი გვაქვს, ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნორმალურ კალაპოტში ჩადგება, უნდა მოხდეს ურთიერთობების გადატვირთა
“ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს მეთაურად მოვიდა ადამიანი, რომელიც წინასწარ აცხადებს, რომ ომის ვითარება არა ერთ სახელმწიფოს, არამედ ყველა სახელმწიფოს, კაცობრიობას ქვესკნელისკენ გააქანებს. ამის განცდა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც მხარი დაუჭირა ამერიკელმა ხალხმა დონალდ ტრამპს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მუშაობას არ გავაგრძელებთ დემოკრატებთან, რათა ორმხრივი პოლიტიკური მხარდაჭერა მოვიპოვოთ. რასაკვირველია, ეს ჩვენი მიზანია. ჩვენ, საქართველოს, პატარა ქვეყანას არაფერი ისეთი არ გაუკეთებია, რომელიც ეჭვს შეიტანს მის საგარეო კურსთან დაკავშირებით და, ზოგადად, მის ერთგულებასთან დაკავშირებით საერთო საკაცობრიო პრობლემების მიმართ სწორი ხედვის რაკურსთან. რასაკვირველია, ჩვენი ერთგულება არის უცვლელი ამ პრინციპების მიმართ და დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია სწორედაც მთელ კაცობრიობას გადაარჩენს ქვესკნელისგან, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს დედამიწა, თუკი ეს ომი გაგრძელდება და, მით უმეტეს, გაფართოვდება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ამასთან, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ უნდა მოხდეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვა.
„ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის თემაზე ჩვენ ადრეც ვსაუბრობდით. ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია ომის პროცესის, დედამიწის და კაცობრიობის დაქვესკნელების ამ წინაპირობის შეჩერება. ჩვენ ადრეც ვთქვით და ახლაც ვიმეორებთ, რომ ურთიერთობების გადატვირთა უნდა მოხდეს. პატარა სახელმწიფო საქართველო, თავისი მცირე რესურსებით, არასდროს გვერდით არ გადგომია საერთო საკაცობრიო პრობლემებს და ყოველთვის იყო ერთგული პარტნიორი ყველასათვის, ვინც ამ იდეალებისთვის იბრძოდა. რასაკვირველია, აქედან გამომდინარე, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნორმალურ კალაპოტში ჩადგება“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
გარდა ამისა, ვოლსკი ამბობს, რომ რადიკალურ ოპოზიციას დონალდ ტრამპთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის შეცვლა გაუჭირდება.
„უნდა გავაანალოზოთ, რას საუბრობდა რადიკალური ოპოზიცია დონალდ ტრამპთან დაკავშირებით, როდესაც, პირად შეურაცხყოფასთან ერთად, უნდოდათ ისეთი პროგნოზი გაეკეთებინათ, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში მთელი მსოფლიო დაინგრევა. პირადი შეურაცხყოფა იმდენად აშკარა იყო, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, რომ დღეს ამ პოზიციის შეცვლა საკმაოდ გაუჭირდებათ. როდესაც შუბლზე ძარღვს იწყვიტავენ, საერთოდ თუ გააჩნიათ ასეთი ძარღვი, შეიძლება საკუთარი პოლიტიკის რაღაც გადაწყობა გააკეთონ. მე ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს, როგორც დონალდ ტრამპს მოიხსენიებდნენ. ფარისევლური წერილი და მილოცვა პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილის მხრიდან არის მცდელობა, როგორმე მოსცილდეს იმ შეფასებებს, რომლებიც ისმოდა მთელი ოპოზიციური სპექტრის მხრიდან, განსაკუთრებით, „ნაცმოძრაობის“ მაღალი წარმომადგენლების მხრიდან დონალდ ტრამპის, როგორც პერსონალურად, ასევე მისი საქმიანობის ასპექტებთან დაკავშირებით. ახლა ცდილობს, რომ ამას მოსწყდეს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავისი ქარტიით პრაქტიკულად „ნაცმოძრაობის“ ლიდერია. ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ პოზიციების არეულობა და გადაჯგუფება ხდება. ამას რა ფორმით შესთავაზებენ თავის მხარდამჭერ საზოგადოებას, არ ვიცი. თუმცა თაღლითობაში გამოწვრთნილები არიან, მათ შორის არც პოლიტიკური უტიფრობა და თაღლითობაა მათთვის უცხო. ეცდებიან, ვითარება შეცვალონ და თავიანთი შეფასებები საზოგადოებას დაავიწყონ, ჩვენ კი ვეცდებით, იმ ადმინისტრაციას, ვინც ცდილობს, რომ კაცობრიობა გადაარჩინოს ომის ქვესკნელისგან, ვეთანამშრომლოთ იმ პრინციპებით და სტანდარტით, რომლისთვისაც ჩვენ არასდროს გვიღალატია და რომელშიც ჩვენ გამოგვცადა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მთელმა მსოფლიომ, როდესაც ტერორიზმს და ორგანიზებულ დანაშაულებებს ერთად ვუპირისპირდებოდით“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.