გურამ მაჭარაშვილი დონალდ ტრამპის არჩევაზე: მთავარი ის არის, რომ ამერიკის საზოგადოების უმრავლესობის ღირებულებითი ნაწილი დაუახლოვდა ქართული საზოგადოების უმრავლესობის ღირებულებით ნაწილს
„ჩვენ იმის ილუზია არა გვაქვს, რომ ტრამპის არჩევის შემთხვევაში ფეხს-ფეხზე გადავიდებთ და საქართველოსთან მიმართებაში პრობლემები არ იქნება, მაგრამ აქ საუბარი იმაზეა, რომ გაცილებით უფრო ახლოსაა ღირებულებითი ნაწილი ამ ადამიანის არჩევის შემთხვევაში საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის ღირებულებით ნაწილთან”, – განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა უპასუხა შეკითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი იმის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შეცვლის ბაიდენის ადმინისტრაციის რიტორიკას.
„ჩვენ ახლა გაცილებით უფრო დიდ და მნიშვნელოვან საკითხებზე გვაქვს სასაუბრო, ვიდრე ის დეტალები, რომლებიც შემდეგ პროტოკოლური წესით ჩაიშლება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განსაზღვრისას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთება და ეს მოლოდინი ჩვენ გვქონდა. ეს არ არის მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული. მსოფლიოში არის ორი უდიდესი ცხელი წერტილი და ერთ-ერთი არის უკრაინა. ომის დამთავრება დიდ გავლენას მოახდენდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე. ეს ასეც მოხდება და დანარჩენ დეტალებს გზადაგზა დავინახავთ.
მთავარი ის არის, რომ ამერიკის საზოგადოების უმრავლესობის ღირებულებითი ნაწილი დაუახლოვდა ქართული საზოგადოების უმრავლესობის ღირებულებებს,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
რიტორიკის შეცვლასთან დაკავშირებით დეპუტატმა იმაზეც ისაუბრა, რომ შეუძლებელია ტრამპის ადმინისტრაციამ მოითხოვოს ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის გაუქმება. „ტრამპი ფიქრობს, რომ ტრადიციებია მთავარი. მისი ადმინისტრაცია როგორ გვეტყვის, რომ უნდა გავაუქმოთ ლგბტ პროპაგანდის კანონი? ეს არ ჯდება არაფერში. მისი მთელი კამპანია ზუსტად ამაზე იყო აწყობილი – ტრადიციების შენარჩუნებაზე. სხვათა შორის, მისი ერთ-ერთი გენერალური ხაზი წინასაარჩევნო კამპანიისას იყო ის, რომ ის დაუბრუნებდა ღირსებას ამერიკას.
ტრამპს არ დაჭირდება იმის ახსნა, თუ რამ შეიყვანა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ჩიხში, იმიტომ, რომ არა მარტო ქართულ-ამერიკული, არამედ ჩიხშია შესული ამერიკის ურთიერთობები ძალიან ბევრ ქვეყანასთან. ჩვენ იმის ილუზია არა გვაქვს, რომ ტრამპის არჩევის შემთხვევაში ფეხს-ფეხზე გადავიდებთ და საქართველოსთან მიმართებაში პრობლემები არ იქნება, მაგრამ აქ საუბარი იმაზეა, რომ გაცილებით უფრო ახლოსაა ღირებულებითი ნაწილი ამ ადამიანის არჩევის შემთხვევაში საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის ღირებულებით ნაწილთან”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.