შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვნახეთ არნახული მასშტაბის უცხოური ჩარევა ჩვენს არჩევნებში

“როგორც ჩანს ვიღაცებს უფრო ძალიან აწუხებთ ის, რომ მათი ფინანსები გახდება გამჭვირვალე საქართველოში და ქართველი ხალხი გაიგებს, რაში იხარჯება ესა თუ ის თანხები”, – ასე უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამჭვირვალობისა და ლგბტ-კანონების გაწვევის მოთხოვნაზე დასავლეთის მხრიდან.

„პირველი, ცოტა საინტერესო არის და, მართლაც, დამაფიქრებელი არის რატომ ამახვილებენ ამ ორ კანონზე ახლა ყურადღებას არჩევნების კონტექსტში, რა კავშირი აქვს ამას საერთოდ არჩევნებთან, როგორც ჩანს ვიღაცებს ეს კანონები უფრო მეტად აინტერესებთ, ვიდრე ქართველი ხალხი, დემოკრატიული განვითარება და ასე შემდეგ. როგორც ჩანს ვიღაცებს უფრო ძალიან აწუხებთ ის, რომ მათი ფინანსები გახდება გამჭვირვალე საქართველოში და ქართველი ხალხი გაიგებს, რაში იხარჯება ესა თუ ის თანხები საქართველოში. თანხები, რომლებზეც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ არის დახარჯული და, შესაძლოა, ზოგიერთი უფრთხის იმას, რომ აღმოჩნდება, რომ თურმე ეს თანხები არ არის ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ დახარჯული და, სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც ამ მხრივ არის გაუმჭვირვალე საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი არის ცნობილი თავისი ფარული ფინანსებით საქართველოში და რამდენჯერმე სკანდალურად გახდა ცნობილი, რომ ისინი აფინანსებდნენ რადიკალურ ჯგუფებს, ასევე აფინანსებდნენ პარტიებს, რაც წარმოადგენს, როგორც ქართული კანონმდებლობის დარღვევას, ასევე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დარღვევას.

„მეორე, მე მგონი, ზოგმა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ვერ გაიგო რა თქვა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს. ეს არჩევნები მათ შორის ზოგიერთმა უცხოელმაც შერაცხა რეფერენდუმად. ჩვენ ვნახეთ არნახული მასშტაბის უცხოური ჩარევა ჩვენს არჩევნებში, ვნახეთ პოლიტიკოსები და უცხოელი ჩინოსნები, რომლებიც პირდაპირ ერეოდნენ ქართულ არჩევნებში და მათ შორის ზოგიერთი დიპლომატი პირდაპირ ეუბნებოდა ქართველ ხალხს, რომ ხმა არ მიეცათ „ქართული ოცნებისთვის“ და ამით ჩვეულებრივ ჩარეულნი იყვნენ შიდა პოლიტიკაში გაეროს წესდებისა და ვენის კონვენციის დარღვევით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს ხალხი დამარცხდა ამ არჩევნებში – ქართველმა ხალხმა მათ შორის მათაც გასცა პასუხი ყველა მცდელობაზე, რომ თავს მოეხვია ქართველებისთვის მისი არჩევანი.

„ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველამ კარგად უნდა მოუსმინოს, რა თქვა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს. ეს ხმა იყო საკმაოდ მჭექარე იმისთვის, რომ ვიღაცამ მოინდომოს მისი წაყრუება. ქართველმა ხალხმა თქვა, რომ ის დგას გამჭვირვალობის კანონის უკან, ქართველმა ხალხმა თქვა, რომ ის დგას ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის კანონის უკან. ეს თქვა ქართველმა ხალხმა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მან გაიხსენა ის აქტორები, რომლებიც დღესაც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას ამ კანონების გაუქმებისკენ. პაპუაშვილის თქმით, ისინი საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით.

„ყველა ეს აქტორი გვეუბნებოდა, რომ ქართველ ხალხს არ უნდა გამჭვირვალობის კანონი. ყველა ეს ხალხი – უცხოელები გვეუბნებოდნენ, რომ ქართველ ხალხს არ სურს ლგბტ-პროპაგანდის ამკრძალავი კანონი. რა აღმოჩნდა 26 ოქტომბერს? გამოვიდა ქართველი ხალხი და ყველა ამ აქტორს უთხრა, რომ მისი ნებაა ამ კანონების განხორციელება. ამიტომ პირველი, რაც უნდა გააკეთოს, ყველა უცხოელმა აქტორმა, თვალი გაუსწოროს იმას, თუ რა არის ხალხის ნება და ასე ესაუბროს საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ