გიორგი შარვაშიძე სალომე ზურაბიშვილის „ფეისბუქ“ პოსტზე: მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ჩრდილს მიაყენებს ჩვენი ქვეყნების მაგალითად ქცეულ თანამშრომლობას
სომხეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი შარვაშიძემ მიუღებლად მიიჩნია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ქმედება, რომელმაც „ფეისბუქზე“ გააზიარა ერთ-ერთი ქართული ტუროპერატორის პოსტი, სადაც სომხეთის ლორეს რეგიონი „ისტორიულ საქართველოდ“ იყო წარმოდგენილი. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქზე“ გააზიარა ერთ-ერთი ქართული ტუროპერატორის პოსტი, რომელშიც სომხეთის ლორეს რეგიონი „ისტორიულ საქართველოდ“ იყო მოხსენიებული. საქართველოს პრეზიდენტის პოსტის გამოქვეყნებიდან გარკვეული დროის შემდეგ, ტუროპერატორმა შეცვალა თავისი პოსტი და აღნიშნა, რომ ტურს სომხეთის მიმართულებით ახორციელებს.
„არმენპრესის“ კითხვაზე – საქართველოს პრეზიდენტმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გააზიარა ერთ-ერთი ქართული ტურისტული ოპერატორის პოსტი, რამაც სომხურ საზოგადოებაში გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია. როგორ შეაფასებდით ამას? – საქართველოს ელჩმა უპასუხა:
„საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ, რომელიც ეფუძნება ჩვენი ხალხების მრავალსაუკუნოვან მტკიცე მეგობრობასა და ურთიერთნდობას. საქართველო და სომხეთი მტკიცედ და უპირობოდ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნები წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროში, როგორც ორმხრივად, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. 2024 წელს საქართველოსა და სომხეთს შორის ხელმოწერილმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციამ ეს ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანა, რაც მომავალში კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს მრავალმხრივ თანამშრომლობას და დადებით გავლენას მოახდენს რეგიონის სტაბილურობასა და განვითარებაზე”.
გიორგი შარვაშიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ჩრდილს მიაყენებს ჩვენი ქვეყნების მაგალითად ქცეულ თანამშრომლობას და ქართველი და სომეხი ხალხების მრავალსაუკუნოვან მეგობრობას“.