Axios: მასკი ზელენსკისა და ტრამპის სატელეფონო საუბარს შეუერთდა – მათ უკრაინის პრეზიდენტს მხარდაჭერა აღუთქვეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 6 ნოემბრის ღამეს, ტრამპის არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე, ტელეფონით ესაუბრა. Axios-მა ორ ინფორმირებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით საუბრის დეტალებთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა.

გამოცემის ცნობით, ზელენსკისა და ტრამპს შორის საუბარი 25 წუთს გაგრძელდა და მოულოდნელად საუბარში ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკიც ჩაერთო, რომელიც ტრამპს წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად უჭერდა მხარს.

მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ ტრამპს გამარჯვება მიულოცა, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა მას უთხრა, რომ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებდა, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა.

წყაროების ცნობით, ზელენსკიმ იგრძნო, რომ საუბარი კარგად წარიმართა. როგორც Axios-ის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ თქვა, საუბრის შემდეგ, „ზელენსკის სასოწარკვეთის გრძნობა არ დარჩა“.

თავის მხრივ, მასკმა ასევე განაცხადა, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას Starlink-ის სატელიტურ ტერმინალებზე წვდომით. მასკმა საუბართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

აღნიშნულია, რომ ზელენსკი ტრამპს ნიუ-იორკში მიმდინარე წლის სექტემბერში შეხვდა. მას შემდეგ მისი თანაშემწეები ინარჩუნებენ კონტაქტს ტრამპის გარემოცვასთან, რომელმაც უკრაინისა და მისი პრეზიდენტის მიმართ საჯაროდ კრიტიკა არაერთხელ გამოთქვა.

გამოცემის ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ უკრაინის წარმომადგენლები პირად საუბრებში სხვა რამეს ისმენენ.

„არაფერი, რაც ზელენსკიმ და მისმა თანაშემწეებმა ტრამპისა და მისი გუნდისგან პირად საუბრებში მოისმინეს, არ იყო შემაშფოთებელი და არ გვაგრძნობინებდა, რომ უკრაინა იქნება ის, ვინც ფასს გადაიხდის“, – განუცხადა Axios-ს ინფორმირებულმა წყარომ.

ასევე იხილეთ