ბოლივიის საკონსტიტუციო სასამართლომ ექს-პრეზიდენტ ევო მორალესს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა
ბოლივიის საკონსტიტუციო სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, ევო მორალესს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
ევო მორალესი, რომელიც ბოლივიას 2006-დან 2019 წლამდე ხელმძღვანელობდა, მის კონკურენტ და ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ ლუის არსესთან ერთად, პარტიის „მოძრაობა სოციალიზმისთვის“ ნომინაციის მოსაპოვებლად იბრძოდა.
ბოლივიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტს მხოლოდ ორი ვადით შეუძლია თანამდებობის დაკავება და არ აქვს მნიშვნელობა, იგი ზედიზედ იქნება თუ არა.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც მორალესს ბოლივიის პრეზიდენტის თანამდებობა ორი ვადით ეკავა, სასამართლომ მას მესამე ვადით დარჩენის უფლება მისცა, რადგან მისი პირველი ვადა ქვეყნის კონსტიტუციის გადაწერას წინ უსწრებდა. ევო მორალესმა 2019 წელს კენჭი მეოთხე ვადით იყარა, თუმცა, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ქვეყანაში არეულობა დაიწყო, რის შემდეგაც იგი 10 ნოემბერს გადადგა და ბოლივია დატოვა. მოქმედი პრეზიდენტი, ლუის არსე ბოლივიის პრეზიდენტის თანამდებობაზე 2020 წელს აირჩიეს.