ნათია თურნავა რეზერვების ინტერვენციაზე: ეს რომ არ გაგვეკეთებინა, მოხდებოდა ლარის მყისიერი გაუფასურება, რაც გააღარიბებდა ჩვენს მოსახლეობას და შეირყეოდა ფინანსური სტაბილურობა

“ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა რეზერვების ინტერვენცია, მოხდებოდა ლარის მყისიერი გაუფასურება, რაც გააღარიბებდა ჩვენს მოსახლეობას, გააღარიბებდა ბიზნესს და შეირყეოდა ფინანსური სტაბილურობა”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში“.

მისი თქმით, წლის ბოლომდე უარყოფითი ბალანსი შემცირდება და რეზერვები კვლავ აღდგება.

„საქართველოში მოქმედებს ე.წ. მცურავი სავალუტო კურსი, როდესაც სავალუტო კურსი ყალიბდება ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად, მაგრამ არის სიტუაცია, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღია და წესით ასეთ დროს, სავალუტო კურსი სტაბილური უნდა იყოს, მაგრამ არსებობს ერთჯერადი არაეკონომიკური ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება მყისიერი გაუფასურება ან რყევა გამოიწვიოს ჩვენს სავალუტო ბაზარზე ლარის კურსის და ეს პირდაპირ ურტყამს და აზიანებს ეკონომიკას, ჩვენს მოქალაქეებს და მცირე ბიზნესს. ასეთ დროს ჩვენი ფუნქციაა, რომ გამოვიყენოთ ე.წ. ინტერვენციები – ბაზარს მივაწოდოთ იმ რაოდენობის დოლარი, რა რაოდენობითაც ჩვენ ვხედავთ, რომ შესაძლებელია ბაზარი დამშვიდდეს და ასეთი რყევა და ლარის მყისიერი გაუფასურება არ დავუშვათ.

ჩვენ ყოველთვის ვაქვეყნებთ ამ მონაცემებს, ეს ყოველთვის გამჭვირვალეა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო დაიწყო სხვადასხვა ციფრის მოყვანა, სპეკულაციები, მანიპულაციები. 8 ნოემბრის მონაცემებით, 2024 წლის დასაწყისიდან ჩვენი რეზერვების ე.წ. წმინდა გაყიდვები შეადგენს 540 მილიონ დოლარს. ეს თანხა არ არის მცირე, მთლიანობაში ჩვენი რეზერვები 4-დან 5 მილიარდამდე დიაპაზონში მერყეობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ შარშან, რეკორდული რაოდენობის რეზერვები (დოლარი) შევიძინეთ და რეზერვები შევავსეთ მილიარდ 300 მილიონი დოლარით, ამასთან შედარებით ეს არის შედარებით მცირე თანხა.

ჩვენ ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაგვედგა. ჩვენ რომ არ დაგვესტაბილურებინა ლარის კურსი, აჟიოტაჟური მოთხოვნის შედეგად მოხდებოდა მყისიერი გაუფასურება, რომელიც დაარტყამდა ეკონომიკას და საბოლოო ჯამში გაღარიბდებოდა მოსახლეობა და შეირყეოდა ფინანსური სტაბილურობა. დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე უარყოფითი ბალანსი შემცირდება და რეზერვები კვლავ აღდგება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ასევე იხილეთ